ახალი კორონავირუსი

99 ქვეყანაში 218 მილიონი დოზა ვაქცინა გაკეთდა – ვაქცინაცია და საქართველო

Telegraph

ამ დროისთვის მსოფლიოს 99 ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო 218 მილიონი დოზა ვაქცინა გაკეთდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ის პლატფორმა ავრცელებს, რომელიც მსოფლიოში კორონავირუსის ვაქცინაციის ტემპს აკვირდება. 

ბოლო 24 საათის განმავლობაში ვაქცინაცია მსოფლიოს კიდევ 4 ქვეყანაში დაიწყო. გამოცემის მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით დღეში დაახლოებით 6.1 მილიონი დოზა აცრა კეთდება. უკვე გაკეთებული აცრების გადანაწილება კონტინენტების მიხედვით შემდეგნაირია:  აზია - 80 მილიონი დოზა, ჩრდილოეთ ამერიკა - 69 მილიონი დოზა, ევროპა - 53 მილიონი დოზა. 

აბსოლუტური მაჩვენებლების მიხედვით აშშ ლიდერობს. ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ერთი აცრა უკვე გაკეთებული აქვს 66.5 მილიონ ადამიანს. სხვა ვაქცინების დარეგისტრირების პარალელურად, აშშ-ში მოსახლეობის 75%-ის ვაქცინაციის დასრულებას უკვე ზაფხულისთვის გეგმავენ. მოსალოდნელია, რომ ვაქცინაციის მაჩვენებლები გაიზრდება კომპანია Johnson&Johnson-ის მიერ წარმოებული ვაქცინის ავტორიზების შემდეგ, რადგან კომპანიას დიდი საწარმოო საშუალებები აქვს. 

რაც შეეხება აცრილი მოსახლეობის წილს, ამ მაჩვენებლით მსოფლიოს უპირობო ლიდერი ისრაელია. აქ მოსახლეობის 50.7%-მა [4.5 მილიონი] უკვე მიიღო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, მინიმუმ, ერთი აცრა. სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 35%-ზე მეტი. ისრაელში ყოველ 100 ადამიანზე კორონავირუსის 86 დოზა მოდის, რაც ასევე მსოფლიოს საუკეთესო მაჩვენებელია. 

Bloomberg-ის მონაცემებით, ვაქცინაციის მიმდინარე ტემპებით მსოფლიოში პანდემიის დამარცხებას დაახლოებით, 5 წელი დასჭირდება. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების წარმოება, დისტრიბუცია და განაწილება მსოფლიო მასშტაბით ძალიან რთული და მასშტაბური ლოჯისტიკური ამოცანაა. ამ მიმართულებით მსოფლიო არაერთი გამოწვევის წინაშე დგას, რაც ვაქცინების არათანაბარ განაწილებას, განვითარებად და ღარიბ ქვეყანაში ვაქცინის მიწოდების დაგვიანებას და სხვა პრობლემებს მოიცავს. 

ამგვარი პრობლემის აღმოსაფხვრელად მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ფარგლებში შეიქმნა პლატფორმა "კოვაქსი", რომლის ფარგლებშიც ვაქცინა ხელმისაწვდომი უნდა გამხდარიყო დაბალშემოსავლიანი და ღარიბი ქვეყნებისთვის. სწორედ კოვაქსის მეშვეობით მიიღო განამ astrazeneca-ს მიერ წარმოებული ვაქცინის 600 000 დოზა. ამგვარად, განა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ვაქცინა "კოვაქსის" პლატფორმის მეშვეობით მიიღო. 

უნდა ითქვას, რომ ვაქცინაციის პროცესი დაწყებულია რამდენიმე სხვა აფრიკულ ქვეყანაშიც, მათ შორის, სენეგალში, მოზამბიკში, სამხრეთ აფრიკასა და რუანდაში. ამ შემთხვევებში ძირითადად ლაპარაკია ჩინური წარმოების ვაქცინებზე, თუმცა, როგორც ცნობილია, რუანდამ Pfizer-ის და Astrazeneca-ს მიერ წარმოებული ვაქცინაც მიიღო. 

საქართველო

რაც შეეხება საქართველოს, ჯერ კიდევ ივლისში ამირან გამყრელიძე ამბობდა, რომ "საქართველო იქნება ერთ-ერთ პირველ რიგებში, ვინც ვაქცინას მიიღებს". ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია თებერვალში უნდა შემოსულიყო. ლაპარაკია, Pfizer-ის მიერ წარმოებული ვაქცინის დაახლოებით 30 000 დოზაზე, რომელიც ძირითადად სამედიცინო პერსონალის აცრას მოხმარდებოდა.

როგორც გუშინ, 24 თებერვალს, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, ამ  ვაქცინების შემოტანის თარიღმა გაურკვეველი ვადით გადაიწია. ამის მიზეზად მთავრობაში Pfizer-ის მიერ ახალი მოთხოვნის წამოყენებას ასახელებენ. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუ როდის მიიღებს ქვეყანა Pfizer-ის ვაქცინას.

ამ დროისთვის საქართველოს მთავრობის გეგმები და იმედები ძირითადად Astrazeneca-ს მიერ წარმოებული ვაქცინას უკავშირდება. საქართველოს ჯამურად Astrazeneca-ს მიერ წარმოებული 334 000 დოზა ვაქცინა აქვს ნაყიდი. აქედან 184 000 დოზა ქვეყანამ "კოვაქსის" პლატფორმის მეშვეობით, ხოლო 184 000 დოზა პირდაპირ მწარმოებლისგან იყიდა. თავდაპირველი ინფორმაციის მიხედვით, Astrazeneca-ს ვაქცინის პირველი პარტია ქვეყანას მარტის პირველ ნახევარში მიიღებს, თუმცა ზუსტი თარიღი ამ დრომდე უცნობია. 

"თუ არ დაგვაღალატეს, რამდენიმე ასეული ათასი დოზა მარტში უნდა მივიღოთ",- ამბობს ამირან გამყრელიძე. მთავრობის მიერ დამტკიცებული ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, მიმდინარე წელს მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციაა დაგეგმილი, თუმცა ვაქცინის შემოტანის გაჭიანურებასთან ერთად, მოსალოდნელია, რომ გეგმები შეიცვლება. 

დაგვიანებული ვაქცინაცია უმწვავეს პრობლემას წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკისთვის, რადგან მასობრივი ვაქცინაციის გარეშე სხვადასხვა შეზღუდვის საჭიროება კვლავ იარსებებს. გუშინ მიმდინარე წლის პირველ კვარტალთან დაკავშირებით პროგნოზი გამოაქვეყნა პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა, რომლის მიხედვითაც იანვარ-მარტში ქვეყნის ეკონომიკა 4.6%-ით შემცირდება. 

ცნობისათვის, წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.1%-ით შემცირდა, რაც 1994 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუ რამდენი იყო ეკონომიკური კლების მაჩვენებელი გასულ თვეში. ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი 28 თებერვალს გამოაქვეყნებს.  

პანდემიის მოსალოდნელზე მეტ ხანს გაგრძელების ფონზე, ეროვნული ბანკის და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების პროგნოზი მიმდინარე წელთან დაკავშირებით უფრო პესიმისტური გახდა. მოსალოდნელია, რომ, საუკეთესო შემთხვევაში, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა დაახლოებით, 4%-ით გაიზრდება. 

უკვე ცხადია, რომ პირველ კვარტალში მოცულობითი კლების ფონზე წლიური 4%-იანი ზრდის მიღწევა ძნელი იქნება. ეკონომიკური ზრდა უმთავრესად დამოკიდებული იქნება ტურიზმის აღდგენაზე. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ტურიზმი არ აღდგება, მოსალოდნელია, რომ ეკონომიკური ზრდა წელს დაახლოებით 1% იქნება. 

ტურიზმის აღდგენისთვის, თავის მხრივ, ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპირობა მასობრივი ვაქცინაციაა, რაც საქართველოში ჯერ კიდევ არ დაწყებულა. 

კომენტარები