მიანმარი

მიანმარის დიდ ქალაქებში ჯავშანტექნიკა გამოჩნდა

The Guardian

სამხედრო გადატრიალების შემდეგ, მიანმარის დიდ ქალაქებში ჯავშანტექნიკა პირველად გამოჩნდა. ამის მიუხედავად, დემონსტრანტები მშვიდობიან საპროტესტო აქციებს განაგრძობენ, საჯარო მოხელეთა დიდი ნაწილი კი კვლავ გაფიცულია.

14 თებერვალს სამხედრო ხუნტამ კიდევ ერთხელ გათიშა ინტერნეტი მთელი ქვეყნის მასშტაბით, თუმცა მომდევნო სამუშაო დღის დაწყების შემდეგ, წვდომა აღადგინეს. ამავე დღეს სამხედრო ძალებმა დემონსტრანტები კაჩინის რეგიონის ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დაარბიეს. სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოჩანაწერების მიხედვით, სამთავრობო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღიც გამოიყენეს. არაა ცნობილი ისინი მხოლოდ რეზინის ტყვიებს იყენებდნენ, თუ სტანდარტული ტყვიებიც ესროლეს მოქალაქეებს. ელექტროსადგურთან დემონსტრანტები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც ხმები გავრცელდა, რომ მთავრობა ელექტროენერგიის მიწოდების შეჩერებას აპირებდა.

საპროტესტო აქციების წახალისება გამოიწვია იმ ფაქტმაც, რომ ქვეყნის დაკავებული დე-ფაქტო ლიდერის აუნ სან სუ ჩის გათავისუფლება ორი დღით გადადეს. სამხედრო გადატრიალების შემდეგ მიანმარის პოლიციამ მას ბრალი წაუყენა სატელეკომუნიკაციო ტექნიკის უკანონო იმპორტისთვის. აუნ სან სუ ჩი 15 თებერვალს უნდა გაეთავისუფლებინათ, თუმცაღა მისი ადვოკატის თქმით, მისი სასამართლო მოსმენა ოთხშაბათს, დათქმული ვადიდან ორი დღის შემდეგ, გაიმართება.

14 თებერვალს ევროკავშირის ქვეყნების საელჩოებმა გამოაქვეყნეს განცხადება, რომელშიც სამხედრო ხუნტას მოუწოდებენ, “შეწყვიტონ ძალადობა დემონსტრანტებსა და მოქალაქეებზე, რომლებიც საკუთარი ლეგიტიმური მთავრობის გადაგდებას აპროტესტებენ”. 

სამხედრო ხუნტამ კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანა. ახალი წესების მიხედვით, მთავრობისა და ჯარის მიმართ სიძულვილის გაღვივება და უსაფრთხოების ძალებისთვის სახელმწიფოს სტაბილურობის შენარჩუნებაში ხელის შეშლა 20-წლიანი პატიმრობით ისჯება. უსაფრთხოების ძალებისთვის მოვალეობების შესრულებაში ხელის შეშლა 7-წლიანი პატიმრობით ისჯება. საჯარო მოხელეების მიმართ შიშის, ცრუ ინფორმაციისა და აგიტაციის გავრცელება კი 3-წლიანი თავისუფლების აღკვეთით. 

დაძაბული სიტუაციის მიუხედავად, დემონსტრანტები საპროტესტო აქციებს არ წყვეტენ.


პირველ თებერვალს მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა. ქვეყანაში ერთი წლით გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, ძალაუფლება კი სამხედრო ძალებს გადაეცათ, კონკრეტულად - მთავარსარდალ მინ აუნ ჰლაინს. ქვეყნის დე-ფაქტო ლიდერი აუნ სან სუ ჩი და სხვა პოლიტიკოსები, მათ შორის პრეზიდენტი, დააკავეს. ისინი შინაპატიმრობაში არიან.

სამხედრო გადატრიალება არჩევნების შემდგომ სამოქალაქო ხელისუფლებასა და სამხედრო ძალების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების ზრდას მოჰყვა. შეიარაღებული ძალების ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ნოემბერში გამართული არჩევნები, რომელშიც აუნ სან სუ ჩის პარტიამ გაიმარჯვა, გაყალბდა.

კომენტარები