კორონავირუსი საქართველოში

სკოლებში ტესტირება 46 300 თანამშრომელს ჩაუტარდა – COVID-19 0,5%-ს დაუდასტურდა

thedailysheeple.com

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ორი კვირის განმავლობაში საჯარო და კერძო სკოლებში სავალდებულო ტესტირება 46 300 მასწავლებელსა და ადმინისტრაციის თანამშრომელს ჩაუტარდა, მათგან COVID-19 0.5%-ს დაუდასტურდა.

"საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე, დაავადების უსიმპტომოდ მიმდინარეობის შემთხვევაში, ინფიცირებულ მასწავლებელთან შეთანხმებით, მისი საგანი დისტანციურ ფორმატში გადადის". – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სამინისტრო შესაძლებლობას აძლევს რისკჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას მუშაობის დისტანციურ ფორმატში გასაგრძელებლად.

ხვალიდან, 15 თებერვლიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლის მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებში გააგრძელებენ. ამასთან, მშობლებს კვლავაც ექნებათ უფლება, სურვილის შემთხვევაში, აირჩიონ დისტანციური სწავლება.


საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 19 345 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 357 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 652 ადამიანი. 14 თებერვლის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 265 557 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 258 093 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 352 კი გარდაიცვალა. 

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს. 

1-ელი თებერვლიდან, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. ასევე, აჭარაში კვების ობიექტების გარე სივრცეები გაიხსნა. თუმცა  იმ ხუთ ქალაქში, სადაც სკოლები გაიხსნა, შაბათ-კვირას არ ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები კი, კვლავ დისტანციურ რეჟიმში მუშაობენ.

8 თებერვლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, გაიხსნა ღია და დახურული ბაზრობები. თუმცა, შეზღუდვები შაბათ-კვირას არ მოხსნილა. 

კვლავ დაკეტილია ფიტნესდარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები