იაპონია

ტოკიოს ოლიმპიადის ხელმძღვანელმა პოსტი სექსისტური განცხადების გამო დატოვა

The Guardian

ტოკიოს ოლიმპიადის ხელმძღვანელმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, 83 წლის იოშიჰირო მორიმ პოსტი სექსისტური განცხადების გამო დატოვა.

ოლიმპიური კომიტეტის ერთ-ერთ შეხვედრაზე მორიმ თქვა, რომ ქალები ბევრს ლაპარაკობენ, რის გამოც სხდომები დიდხანს გრძელდება. 

“ქალებს ძალიან მტრული ბუნება აქვთ. თუ ერთი აიწევს ხელს, იმისათვის, რომ ილაპარაკოს, დანარჩენებიც თვლიან, რომ აუცილებლად ხმა უნდა ამოიღონ. საბოლოოდ, ყველა რაღაცას ამბობს”. - თქვა მორიმ.

ამ სიტყვებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ხელმძღვანელის სიტყვები ტოკიოს ოლიმპიადის რეპუტაციის შემლახველად დაახასიათეს. საბოლოოდ მორიმ თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა. 

“ჩემმა უადგილო კომენტარმა დიდი უსიამოვნება გამოიწვია. მე მინდა, ბოდიში მოგიხადოთ”.

“მთავარია ოლიმპიადა ივლისში ჩატარდეს. თუკი მე ამ მიზანს ჩემს პოსტზე დარჩენით ხელს შევუშლი, ამას თავი უნდა ავარიდოთ”. - თქვა მორიმ.

მორიმ ასევე თქვა, რომ საკუთარი კომენტარის უადგილობის მიუხედავად, მას ეს განზრახ არ უქნია და მედიაში მისი სიტყვების არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა, ასევე დაამატა, რომ ქალთა საწინააღმდეგოდ არანაირი შეხედულება არ გააჩნია.

“მე ვცდილობდი, ქალებისთვის ყველანაირად დამეჭირა მხარი, შეიძლება ითქვას, კაცებზე მეტადაც კი, რათა მათ საუბარი შეძლებოდათ”. - თქვა მორიმ.

ტოკიოს ოლიმპიადა 2020 წელს უნდა გამართულიყო, თუმცა კოვიდ-19-ის პანდემიის გამო ღონისძიება 2021 წლის ივლისამდე გადაიდო.  

 

კომენტარები