ნარკოდანაშაული

შსს: ბათუმში ნარკოტიკების რეალიზაციაში ჩართული პირი დავაკავეთ – ამოღებულია ჰეროინი

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ნარკოდანაშაულის გამო 1990 წელს დაბადებული ა.კ. დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ის ნარკოტიკების რეალიზაციაში იყო ჩართული და მისი ჩხრეკისას ჰეროინი ამოიღეს.

"გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული პირი ჩართული იყო ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის სქემაში. კერძოდ, იგი, ინტერნეტაპლიკაციებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით ნარკოტიკული საშუალებების შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ბათუმში, სხვადასხვა ადგილზე ათავსებდა ნარკოტიკს და აღნიშნული ლოკაციების ადგილმდებარეობის ვიდეოგადაღებას ახდენდა". - წერია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულის პირადი და დაროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების დროს 7 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი და მცირე ზომის სასწორი ამოიღეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები