მაკო გომური

გომური წერს, რომ გერმანიაში გეგმიურ ვიზიტზე სახელმწიფოს მხრიდან აღარავის მიჰყავს

2019 წლის 20-21 ივნისის აქციის დარბევის დროს დაშავებული მაკო გომური, რომელმაც თვალი დაკარგა, Facebook-ში წერს, რომ გერმანიაში გეგმიურ ვიზიტზე სახელმწიფოს მხრიდან ის არავის მიჰყავს.

როგორც მაკო გომური წერს, მკურნალობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მისი საკონტაქტო პირი ავთო თალაკვაძე იყო, რომელმაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა უკვე დატოვა.

გომური წერს, რომ ის რამდენჯერმე წავიდა გერმანიაში ექიმთან ვიზიტზე და ბოლოს არჩევნებამდე იყო წასული, რა დროსაც ექიმმა 3-5 თვეში კვლავ დაიბარა. 

"ზუსტად ერთი თვეა ჰაერში ვართ გამოკიდებულები. ავთო თალაკვაძე წავიდა და კაცი-შვილი არ მოიძებნა, ვინც ამ ყველაფერს დაგეგმავს. ან მოიძებნება, უბრალოდ ჩვენთვის არ იძებნება, ხვდებით...? იქ რეკავ, იქ დარეკეო, იქ რეკავ ჩვენ რა შუაში ვართ იქ მიდიო და ასე." - წერს მაკო გომური.

გომური ქართულ ოცნებას და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს და წერს, რომ სამი კვირის წინ გაუტყდა თვალის პროტეზი და ამჟამად თვალში უდევს პირველი პროთეზი, რაც არ შეიძლება. 

"მტკივა, ფორმა არ ემთხვევა, ნაოპერაციების ნაწიბურებს აფუჭებს და ა.შ. სხვა ზომებს ნუ მიმაღებინებთ და დროულად გამეცით პასუხი - მოაგვარებთ პრობლემას და გაგვიშვებთ, თუ უკვე შეიმშრალეთ კიდეც საქმიდან დაბანილი ხელები?" - წერს გომური. 

მაკო გომურის თქმით, იმაზე, რაც სახელმწიფომ დააშავა, სწორედ სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და დაფაროს მკურნალობის ხარჯები და რომ მას არ სურს, მისთვის ფული შეაგროვონ.

"აქვე, ერთი დაძახება და ზუსტად ვიცი, არანაირი პრობლემა არ შემექმნება, ადამიანების ნათქვამი, "შენს გვერდით ვარ" უბრალოდ გამოსროლილი სიტყვები არაა. უბრალოდ პრინციპის საკითხია, რატომ უნდა გადაიხადოს სხვამ ან მე, თქვენი დანაშაული და რატომ უნდა გამოასწოროს. ასე არ გამოვა" - წერს მაკო გომური.

კომენტარები