აიისას საქმე

საკონსტიტუციო სასამართლო 2 თებერვალს "აიისას" სარჩელს განიხილავს

საკონსტიტუციო სასამართლო დღეს, 2 თებერვალს "აიისას" საქმეს არსებითად განიხილავს. სხდომა 12 საათზე დაიწყო. 

სასამართლომ კომპანიის მფლობელის სარჩელი არსებითად განსახილველად 1 წლის წინ მიიღო.

საქმე "ანი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" ეხება 3 წლის წინ საერთო სასამართლოების მიერ კომპანიის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს, რომლითაც ის დააჯარიმეს "არაეთიკური რეკლამების გავრცელების" გამო. 

მოსარჩელე ანანია გაჩეჩილაძე, რომლის ინტერესებსაც საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) დაიცავს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობაზე დაობს, რომელიც არაეთიკური რეკლამის განთავსებისა და გავრცელებისთვის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. 

სარჩელში ასევე სადავოდაა გამხდარი სისხლის სამართლის კოდექსის 343-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას სახელმწიფო დროშის ან გერბის შებღალვისთვის. 

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები გაუმართლებლად ლახავს გამოხატვისა და შემოქმედების თავისუფლებას (საქართველოს კონსტიტუციის მე-17 და მე-20 მუხლები) და ამავდროულად არ პასუხობს კანონის ხარისხის მოთხოვნებს (31-ე მუხლის მე-9 პუნქტი). კერძოდ, მოსარჩელის აზრით, საჯარო მორალისა და სხვათა რელიგიური გრძნობების დაცვის მოტივით ამ უფლებების შეზღუდვა არაკონსტიტუციურია. 

ამასთან, ის მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები შეიცავს ბუნდოვან დებულებებს ("შებღალვა", "ჰუმანური და ზნეობრივი ნორმების დარღვევა"), რაც მათი გამოყენების სფეროს განუჭვრეტელს ხდის. GDI-ის განცხადებით, ასეთი ნორმების სამართლებრივ სივრცეში არსებობა ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საშიშ იარაღს წარმოადგენს. 


კომპანია "აიისას" მფლობელმა, ანანია გაჩეჩილაძემ ტაბულასთან საუბარში აღნიშნა, რომ მოცემული საქმე მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლების სტანდარტების გამყარებისთვის.

"საკონსტიტუციო სხდომამდე 1 დღით ადრე საბა გიგიბერიამ სასამართლო კოლეგიას და მრევლს შეახსენა საპატრიარქოს პოზიციაზე გამოხატვის თავისუფლების კუთხით და დაადასტურა რომ ეკლესია სახელმწიფო საკითხებში უხეშად ერევა. სიძულვილის ენა და საჯარო ჩაქოლვის ის მეთოდები რომელსაც ისინი ჩემ მიმართ იყენებდნენ ახლა ივერი მელაშვილისკენაა გაძლიერებულადაა მიმართული. გამოხატვის თავისუფლების სტანდარტის გამყარება ამ საკონსტიტუციო სარჩელით მნიშვნელოვანი საკითხია, მითუმეტეს მკვეთრად შესუსტებული დემოკრატიის პირობებში." – თქვა გაჩეჩილაძემ
 

31 იანვარს, არსებით სხდომამდე 2 დღით ადრე, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ ქადაგების დროს ისაუბრა "აიისას" საქმეზე.

"ესეიგი ჯერ ჩუმად აპირებდნენ და ახლა სახალხოდ, სააღდგომოდ აპირებდნენ რამდენიმე წლის წინ გამოშვებას, მაპატიეთ კიდევ ერთხელ, პრეზერვატივების, რომელზეც უნდა დაეწერათ თამარ მეფის სახელი, ხომ გახსოვთ? ეს მე ერთ-ერთი პირველმა გავიგე, არ მახსოვს ვიღაცამ მითხრა და დავურეკე მეუფე თეოდორეს და მე და მეუფე თეოდორემ ავტეხეთ ერთი ამბავი და ნუ მერე იყო ამაზე განცხადება გაკეთებული ეკლესიის და მერე ჩვენ მკაცრად გავილაშქრეთ ამის წინააღმდეგ და მე მგონი ეს მაშინ ვერ მოხერხდა". – თქვა მეუფე საბამ

2018 წლის მაისში თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანია "აიისა" 500 ლარით დააჯარიმა და რამდენიმე შეფუთვისა და რეკლამის სამომავლოდ გამოყენება აუკრძალა. მოსამართლის აზრით, პრეზერვატივის შეფუთვაზე ორ თითზე წამოცმული პრეზერვატივის, ასევე თამარ მეფის გამოსახვამ საზოგადოების მორალი და ღირსება შელახა. ამ გადაწყვეტილებით, ლაშა თავართქილაძემ თბილისის მერიის განცხადება დააკმაყოფილა და ანანია გაჩეჩილაძე სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციული კოდექსის 159-ე მუხლით (რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის და აბრის დაკვეთისა და განთავსებისათვის დადგენილი წესების დარღვევა).

მოგვიანებით სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. 

კომენტარები