მე-10 მოწვევის პარლამენტი

ელისაშვილი: ქართულმა ოცნებამ არავითარ შემთხვევაში ოპოზიციას მანდატები არ უნდა გაუუქმოს

droa.ge

პარტია მოქალაქეების წევრები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მივიდნენ. ისინი დღევანდელ პლენარულ სხდომას დაესწრებიან და აცხადებენ, რომ ოპოზიციისთვის მანდატების გაუქმებას მხარს არ დაუჭერენ. 

ალეკო ელისაშვილის თქმით, თუ ოპოზიციის მანდატების გაუქმებას ქართულმა ოცნებამ მხარი დაუჭირა, ეს ნიშნავს, რომ მოლაპარაკებებიც დასრულდა. 

"მოლაპარაკებისთვის სივრცე უნდა დარჩეს და ქართული ოცნება უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს ამ საკითხს და არავითარ შემთხვევაში მანდატები ოპოზიციას არ უნდა გაუუქმოს. ჩვენი ორი ხმა რამდენად ეყოფა, ჩვენ გაუქმების წინააღმდეგ მივცემთ ხმას და საჯაროდაც, დარბაზშიც ვიტყვით ხმამაღლა, რომ მოლაპარაკება თუ გვინდა გაგრძელდეს, ორივე მხარე პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ამ საკითხს". – ამბობს ელისაშვილი ტელეკომპანია პირველთან

2 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია იხსნება, სადაც არსებითად ერთპარტიულმა პარლამენტმა 51 ოპოზიციონერისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხს კენჭი უნდა უყაროს.

მანდატებზე უარი არ უთქვამს პროპუტინური პატრიოტთა ალიანსის სიის ოთხ წევრს, რომლებიც პარლამენტში ევროპელი სოციალისტების სახელით შევიდნენ. მანდატებზე ასევე უარი არ უთქვამს გირჩის სამ წევრს. მათ ქართულ ოცნებას თხოვნით მიმართეს, დღევანდელ სხდომაზე მხარი არ დაუჭირონ ოპოზიციონერებისთვის საპარლამენტო მანდატების გაუქმებას. მათი განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში მსგავსი მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოს გირჩის წევრებიც მიმართავენ.

1-ელ თებერვალს, დღის მიწურულს მიმართვა გაავრცელა საქართველოს პრეზიდენტმაც. სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციას მოუწოდა "დაფიქრდეს, პატივის სცეს ამომრჩეველს და მათი მანდატით მიცემული დავალება შეასრულოს", არსებითად ერთპარტიულ პარლამენტს კი - "არ მიიღოს მანდატების შეწყვეტის ნაადრევი გადაწყვეტილება და მისცეს დრო ოპოზიციას სწორი გადაწყვეტილების მისაღებად".

ქართული ოცნების ოფისში, გუშინ, 1-ლი თებერვლის საღამოს პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც ოპოზიციისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხი განიხილეს. ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება უმრავლესობას ჯერ არ მიუღია და ამის შესახებ დღეს, 2 თებერვალს მიმდინარე შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.

კომენტარები