არჩევნები 2020

იოსელიანი: რურუასა და სხვა პატიმრების შესახებ საუბარზე დღეს უბრალოდ უარი განაცხადეს

"გიორგი რურუასა და სხვა პატიმრებზე ძალ-ღონე არ დაგვიკლია, მაგრამ დღეს საერთოდ ამის შესახებ ლაპარაკზე განაცხადეს უარი". - თქვა ამის შესახებ პარტია მოქალაქეების ლიდერმა ლევან იოსელიანმა ქართული ოცნების წევრებთან შეხვედრის შემდეგ . 

იოსელიანის თქმით, მათ შეთანხმებას მიაღწიეს პრაქტიკულად ყველა იმ საკითხზე, რაც მოლაპარაკებების დროს, ოპოზიციასა და ქართულ ოცნებას შორის იყო დასმული. 

"დღეს ჩვენ პრაქტიკულად მივაღწიეთ შეთანხმებას ყველა იმ საკითხზე, რომელიც მთლიანად ოპოზიციის მიერ მეოთხე რაუნდში იყო დასმული და შეთანხმებული, ვგულისხმობ საარჩევნო რეფორმას. არცერთი პუნქტი ამ შეთანხმებიდან არ დარღვეულა, ყველაფერზე ბოლომდე ვიბრძოლეთ, რომ ყველა დეტალი, რომელიც მაშინ იყო ოპოზიციასა და ქართულ ოცნებასთან ეს ყოფილიყო ასახული. 

რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს დასჭირდა დრო და ძალისხმევა, მაგრამ მიხარია, რომ ამ შეთანხმებას მივაღწიეთ". - ამბობს იოსელიანი. 

ის სხვა პარტიების წევრებს მოუწოდებს, გააგრძელონ ქართულ ოცნებასთან კომუნიკაცია. მისივე თქმით, "მოლაპარაკების შედეგია ის, რომ 4 ადამიანი არის გარეთ". 

"სხვა პარტიებს რაც შეეხება, ჩვენ დამოუკიდებლად დავიწყეთ შეხვედრები, რადგან ვერ შევძელით მათთან შეთანხმება, უბრალოდ ყველას მოვუწოდებ, გააგრძელონ კომუნიკაცია. 

ჩვენ გიორგი რურუასა და სხვა პატიმრებზე ძალ-ღონე არ დაგვიკლია, მაგრამ დღეს საერთოდ ამის შესახებ ლაპარაკზე განაცხადეს უარი. დღეს ჩვენ ხელში გვიჭირავს საარჩევნო სისტემის რეფორმა, საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმა, 4 ადამიანი არის გარეთ და ეს არის მოლაპარაკებების დამსახურება". - ამბობს იოსელიანი. 

დღეს, 29 იანვარს, პარტია მოქალაქეების და ქართული ოცნების ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ ალეკო ელისაშვილმა თქვა, რომ საბოლოოდ შეთანხმებას მიაღწიეს და ისინი საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვებიან. ელისაშვილის თქმით, ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც გულისხმობს საარჩევნო საკითხების ფუნდამენტურ ცვლილებას. 

60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან უმრავლესობამ მანდატებზე უარი თქვა. ისინი ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმას, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ. მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს პარლამენტი კენჭს 2 თებერვალს უყრის.

მანდატებზე უარი არ უთქვამს პროპუტინური პატრიოტთა ალიანსის სიის ოთხ წევრს, რომლებიც პარლამენტში ევროპელი სოციალისტების სახელით შევიდნენ. მათგან სამს - ფრიდონ ინჯიას, გოჩა ენუქიძესა და დავით ზილფიმიანს მანდატები პარტიის იმ ლიდერების ნაცვლად ერგოთ, რომლებმაც საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი თქვეს, ხოლო მეოთხე - ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში პარტიული სიით მოხვდა.

მანდატებზე ასევე უარი არ უთქვამთ გირჩის სამ და მოქალაქეების ორ წევრს.

კომენტარები