არჩევნები 2020

ISFED: პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში ბიულეტენების ნაკლებობა უბნების 25.8%-ზე დაფიქსირდა

არჩევნები 2020
ტაბულა

არასამართავრობო ორგანიზაცია ISFED-ის ინფორმაციით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში ბიულეტენების ნაკლებობა დაფიქსირდა საარჩევნო უბნების 25.8%-ზე. 

  • საარჩევნო უბნების 2.9%-ზე პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში, რომელშიც ბიულეტენების ნაკლებობა გამოვლინდა, კენჭისყრის მომდევნო დღეს ან მოგვიანებით შესწორდა, საოლქო საარჩევნო კომისიაში შედგენილი შესწორების ოქმებით ან განკარგულებებით;
  • საარჩევნო უბნების 19.4%-ზე, პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის შესწორების მიზნით, არ შედგენილა შესწორების ოქმი და/ან განკარგულება;
  • საარჩევნო უბნების 3.5%-ზე, პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში გამოვლენილი ბიულეტენების ნაკლებობა კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე შედგენილი შესწორების ოქმით შესწორდა, აქედან: 1.9%-ზე, კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბანზე შესწორების ოქმის მონაცემის გათვალისწინებით, პორპორციულ შემაჯამებელ ოქმში ბალანსი არ შედგა და კვლავ ნაკლებობით დარჩა.

"აღსანიშნავია, რომ ბიულეტენების დანაკლისის შემოწმება საოლქო  საარჩევნო კომისიების  ჯეროვან ყურადღებას არ იქცევს. რიგ შემთხვევებში, საერთოდ არ არის აღიარებული დარღვევად, მაშინაც კი, როცა საუბარია ათეულობით ბიულეტენით ნაკლებობაზე. ამგვარი განსხვავებული დამოკიდებულების გამო, ნაკლებობის მიზეზების შესწავლასა და შედეგების გამოკვლევას არ დაეთმო სათანადო ყურდღება საარჩევნო კომისიის მიერ". - წერია ISFED-ის განცხადებაში. 

ასევე, ISFED-ის ინფორმაციით, ორგანიზაციამ ხელახლა გადათვალა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების PVT უბნები და დადგინდა, რომ მეტობით დისბალანსი 8%-ს შეადგენს.

ISFED-მა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების პარალელური დათვლა ჩაატარა.  1 ნოემბერს ორგანიზაციამ გამოაქვეყნა დათვლის შედეგები, რის მიხედვითაც საარჩევნო უბნების 8%-ზე შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები დაფიქსირდა, რასაც PVT ანალიზის მიხედვით შედეგებზე, შესაძლოა, მაქსიმუმ, 4.1%-ზე ნაკლები გავლენა ჰქონოდა.

11 დეკემბერს, ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, რომ შიდა აუდიტით გამოვლინდა ხარვეზი არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის მეთოდოლოგიის (PVT) საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში, რომლის შედეგადაც ქართულ ოცნებას არჩევნებზე ხმების 45.8%-ის ნაცვლად 47.6% აქვს. სამართლიან არჩევნებში აცხადებდნენ, რომ ეს სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე, ხოლო არჩევნების დაბალი სტანდარტით ჩატარება კვლავ გამოიხატება საარჩევნო უბნების ოქმების 8%-ში აღმოჩენილ დისბალანსში.

24 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ISFED-ს ელენე ნიჟარაძე აღარ უხელმძღვანელებს.

კომენტარები