დავითგარეჯის საქმე

მელაშვილი: ყველაფერს ველოდი, არ არსებობდა დაპატიმრების საფუძველი, მაგრამ დამაპატიმრეს

ივერი მელაშვილი
ტაბულა

აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილმა წევრებმა, ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ სასამართლო დარბაზი დატოვეს და ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთეს.

ივერი მელაშვილის თქმით, ის ნებისმიერ გადაწყვეტილებას ელოდა, რადგან ისე დააპატიმრეს, რომ ამის საფუძველი არ არსებობდა.

"ჩატარდა პროცესი და, როგორც იქნა მოხდა ის, ეს როგორც საზოგადოების დამსახურებაც არის და, პირველ რიგში, ჩემი ადვოკატების დამსახურებაც, მოხდა ის, რომ გაგვათავისუფლეს. ახლა დანარჩენი პროცესი წარიმართება და იმედი მაქვს რომ გავიმარჯვებთ. ველოდით - კიც და არაც. კი - იმიტომ, რომ დაკავების შანსი არ არსებობდა, არ არსებობდა საფუძველი, მეორე ის, რომ ამათგან ამდენი ხანი საერთოდ არ იყო დაპატიმრების საფუძველი, მაგრამ დამაპატიმრეს. ასე რომ, ყველაფერს ველოდებოდი, მაგრამ კარგია, რომ მორჩა. მოხდა ის, რომ გამიშვეს". - თქვა მან.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლომ 20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, მათ გირაო 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ.

აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე დააყენეს, როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარემ.  დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, თავდებობას ან "ადეკვატურ გირაოს" ითხოვდა, პროკურატურა კი - 30 000-ლარიან გირაოს, ქვეყნიდან გასვლის აკრძალვას და დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლებას. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ივერი მელაშვილი თანამდებობიდან გადააყენა. მოსამართლე ლელა კალოჩენკომ მიიჩნია, რომ  თანამდებობაზე ყოფნა საქმეში არსებულ ინფორმაციას უკავშირდება და არა მხოლოდ ანაზღაურებას.

კომენტარები