არჩევნები 2020

ბოკერია: საერთო განცხადების მიზანი იყო სპეკულაციების ფონზე სიცხადე შემოგვეტანა

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილის მიერ გავრცელებული საერთო განცხადების "შინაარსი ძალიან მარტივია". 

გიგა ბოკერიას განმარტებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრ "სიმულაციას ჰქონდა ადგილი" და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან "მეტნაკლებად წარმატებული პროპაგანდა იყო", თითქოს ოპოზიციურ რიგებში დიდი განხეთქილება არსებობდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. 

"ოპოზიციის უდიდესი ნაწილის პოზიცია არის ძალიან მყარი. ამიტომ საჭირო იყო ეს მოკლე განცხადება ყველა იმ პოლიტიკური ძალის, რომელთაც მანდატებზე აქვთ უარი, რომელთა მიმართაც ამდენი სპეკულაცია იყო". – ამბობს გიგა ბოკერია. 

კითხვაზე, რატომ არ არიან ამ განცხადების ხელმომწერები იაგო ხვიჩიას გირჩი და ალეკო ელისაშვილის მოქალაქეები, ევროპული საქართველოს ლიდერი პასუხობს, რომ ეს კითხვა მათ მიმართ უნდა დაისვას. 

"ჩვენ არც განვიხილავთ მათ დიდი ხანია ამ პოზიციის მქონეებად. მათ არ დაუწერიათ განცხადება მანდატების შეჩერების თაობაზე, ვერც იქნებიან ამ განცხადების ნაწილები. ეს არის იმ ადამიანების განცხადება, ვინც მიიღო ეს გადაწყვეტილება და რომელთა მიმართებითაც ეს სპეკულაციები სულ გრძელდება ". – თქვა გიგა ბოკერიამ. 

დღეს, 26 იანვარს იმ ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა, რომლებმაც უარი თქვეს საპარლამენტო მანდატებზე, საერთო განცხადება გაავრცელეს, სადაც წერენ, რომ მათი პოზიციები უცვლელია. პარტიები კვლავ არ აღიარებენ 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას და ხელისუფლებისგან მოითხოვენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ვადამდელ არჩევნებს და საარჩევნო რეფორმისა და საარჩევნო კომისიის რეფორმირებას. 

კომენტარები