ჰარვი ვაინშტაინის საქმე

ჯუდი დენჩი: ვაინშტაინი ყოველთვის მომხიბვლელი, ზრდილობიანი და მეგობრული ადამიანი იყო

ჯუდი დენჩი და ჰარვი ვაინშტაინი

ინგლისელმა მსახიობმა, ჯუდი დენჩმა, სექსუალურ შევიწროებასა და გაუპატიურებაში ბრალდებულ ჰარვი ვაინშტაინზე ილაპარაკა და თქვა, რომ ის ყოველთვის მომხიბვლელი, ზრდილობიანი, მეგობრული და მხიარული ადამიანი იყო.

"მე ბევრი მიმუშავია ჰარვისთვის და ყოველთვის ძალიან მომხიბვლელი იყო. შესაძლოა, მე იღბლიანი ვიყავი, მაგრამ ეს არის ის, რაც ვიცი. ძალიან ვწუხვარ იმ ადამიანების გამო, რომლებიც იღბლიანები არ აღმოჩნდნენ". - უთხრა მსახიობმა The Gurdian-ს.

ჯუდი დენჩს ჰარვი ვაიშტაინთან ერთად რამდენიმე ფილმზე აქვს ნამუშევარი, მათ შორის არის 2000 წელს გადაღებული Chocolat, 2017 წლის ფილმი Tulip fever, 2009 წლის ფილმი Nine, 2011 წელს გადაღებული My Week with Marilyn და 2013 წლის ფილმი Philomena.

"ის ჩემი მეგობარი იყო. ჰარვი ვაინშტაინი სრულებით ზრდილობიანი, მხიარული და მეგობრული ადამიანი იყო. მე არასდროს მქონია სხვანაირი გამოცდილება მასთან. არაფერი ვიცოდი მისი უიღბლობის შესახებ და არც გაფრთხილებული ვიყავი. ასე რომ, ცხადია, მისი განსჯა შემიძლია. თუმცა, მე არასდროს გამომიცდია მისი ეს [ცუდი] მხარე". - თქვა მსახიობმა.

ჰარვი ვაინშტაინის შესახებ ჯუდი დენჩმა 2019 წელსაც ილაპარაკა და თქვა, რომ ცნობილი პროდიუსერის ფილმებისთვის ბოიკოტის გამოცხადება, სწორი არ იყო, რადგან "ადამიანში ტალანტს ვერ უარყოფ".

ნიუ-იორკის სასამართლომ 2020 წლის 11 მარტს ჰარვი ვაინშტაინი მესამე ხარისხის გაუპატიურებასა და პირველი ხარისხის სექსუალურ შევიწროებაში დამნაშავედ სცნო და 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

2017 წელს 80-მდე ქალმა ჰარვი ვაინშტაინი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, 6-მა ქალმა კი გაუპატიურებაში. ამის შემდეგ დაიწყო #Metoo კამპანია, რომლის ფარგლებშიც ქალები მთელი მსოფლიოდან წერდნენ სექსუალური შევიწროების თავიანთ გამოცდილებაზე .

ჰარვი ვაინშტაინის მიმართ გამოთქმული ბრალდებების შემდეგ პროდუსერი თავისივე კომპანია The Weinstein Company-დან გაათავისუფლეს, ის გააძევეს ამერიკის კინოაკადემიიდანაც.

კომენტარები