დავითგარეჯას საქმე

მშვენიერაძე: პროკურატურა ცდილობს, მანიპულაციურად წარმოაჩინოს მელაშვილის ჩანაწერის შინაარსი

დაკავებული კარტოგრაფის, ივერი მელაშვილის უფლებადამცველი, გიორგი მშვენიერაძე, პროკურატურის მიერ მელაშვილის ფარული ჩანაწერის გამოქვეყნებას ეხმაურება და ამბობს, რომ პროკურატურას აღნიშნული ჩანაწერი ბრალის წაყენებისას უკვე ჰქონდა და დაცვის მხარეს გამოძიების ბოლო დღემდე არ გაუმხილა, გარდა ამისა, ზოგიერთი სპეციფიკური ტერმინის იგნორირებით პროკურატურა ცდილობს, მანიპულაციურად წარმოაჩინოს ჩანაწერში არსებული შინაარსი.

"გავიგეთ ის, რომ პროკურატურამ, მაშინ, როცა ბრალი წაუყენა ბატონ მელაშვილსა და ქალბატონ ილიჩოვას, უკვე ჰქონდა ეს ჩანაწერი, რომელიც გამოძიების ბოლო დღემდე არ გაუმხილა დაცვის მხარეს და ეს არის ძალიან ცუდი იმიტომ, რომ ჩვენ ამ ჩანაწერის დამუშავებისთვის და სათანადო მტკიცებულებების მოსაპოვებლად, ფაქტობრივად, დრო არ დაგვიტოვა პროკურატურამ, თუმცა, ჩვენ ჩანაწერის მხოლოდ ეპიზოდს მოვუსმინეთ, ის დამონტაჟებული იყო, ჩვენ გვჭირდება სრული ჩანაწერის ნახვა, მაგრამ რასაც მოვუსმინეთ, იმ ჩანაწერში ვერაფერი ისეთი ვერ ვნახეთ, რის თქმასაც, ფაქტობრივად, ბატონი ივერი მელაშვილი პროცესზე არ აპირებს. უბრალოდ, იქ არის ზოგიერთი სპეციფიკური ტერმინი გამოყენებული, რომლის იგნორირებითაც პროკურატურა ცდილობს, მანიპულაციურად წარმოაჩინოს ჩანაწერში არსებული შინაარსი". – ამბობს მშვენიერაძე.

მშვენიერაძე აღნიშნავს, რომ ჩანაწერში არ არის რაიმე ისეთი, რაც არსებითად ცვლის საქმის მდგომარეობას და საჭიროა ჩანაწერის სრულად მოსმენა. 

"აი, მაგალითად, როდესაც საუბარია დავითგარეჯის მიმდებარე ტერიტორიებზე, იქ ივერი მელაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ჩვენ იმიტომ გვქონდა ეს ასე დახაზული, რომ სხვა ტერიტორიის მოცვლის სანაცვლოდ უნდა გადმოეცა აზერბაიჯანს ჩვენთვის. მოცვლა რომ იყოს ცხადი, გულისხმობს იმას, რომ ჩვენ რაღაც სხვა ტერიტორია უნდა მიგვეცა, რათა მიგვეღო ის სურათი, რომელიც ჩვენთვის ყველაზე სასარგებლო იქნებოდა, მათ შორის, მოიცავდა ბერთუბნის მონასტერს, რაზეც აზერბაიჯანი, როგორც საქმის მტკიცებულებებში ჩანს, ყოველთვის და ყველა ეტაპზე წინააღმდეგ მიდიოდა. ამიტომ, ამ ჩანაწერში რაიმე ისეთი, რაც ცვლის არსებითად საქმის მდგომარეობას, არ მოგვისმენია, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სრული ჩანაწერი ჯერ არ გადმოგვცემია". – თქვა გიორგი მშვენიერაძემ

მელაშვილის უფლებადამცველის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო დამოუკიდებელი არაა, ის აპირებს ყველა იმ მტკიცებულების სასამართლოში წარდგენას, რომელიც მათ ხელშია და იმ მასალების გასაჯაროებასაც, რომლის გასაჯაროებისგან აქამდე თავს იკავებდნენ.

დღეს, 21 იანვარს, საქართველოს პროკურატურამ დავითგარეჯის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული კარტოგრაფის ივერი მელაშვილის ფარული ჩანაწერი გაასაჯაროვა

ჩანაწერში ივერი მელაშვილისა და საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი თავმჯდომარის მ.მ.-ს საუბარია ასახული. 

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. პროკურატურამ მელაშვილს და ილიჩოვას პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით. 

კომენტარები