ჯო ბაიდენი

AP: ბაიდენი წარადგენს კანონპროექტს, რომელიც 11 მილიონამდე არალეგალ მიგრანტს შეეხება

ჯო ბაიდენი

Associate Press-ის მიხედვით, ჯო ბაიდენი პრეზიდენტის პოსტის დაკავებიდან პირველსავე დღეს გეგმავს, გაასაჯაროოს კანონპროექტი იმიგრაციის თაობაზე, რომელიც აშშ-ში არალეგალურად მცხოვრებ 11 მილიონამდე ადამიანს მოქალაქეობის მისაღებად 8-წლიან გეგმას დაუსახავს.

გეგმის მიხედვით, 2021 წლის 1-ელი იანვრისთვის აშშ-ში კანონიერი სტატუსის გარეშე მცხოვრებ პირებს ექნებათ გზა, რომლითაც 5 წლის განმავლობაში დროებით კანონიერ სტატუსს ან მწვანე ბარათს მიიღებენ. ეს გულისხმობს ბიოგრაფიული მონაცემების შემოწმების გავლას, გადასახადების გადახდას და სხვა ძირითადი პირობების შესრულებას. ამის შემდეგ, მათ შეეძლებათ კიდევ 3 წლის განმავლობაში ჩაერთონ გეგმაში, რომლის მიხედვითაც მათ საბოლოოდ მოქალაქეობა მიენიჭებათ.

გეგმა მოიცავს გრანტების გაცემას პროფესიული განვითარებისა და ინგლისური ენის შესწავლისათვის.

კანონპროექტით გათვალისწინებული არ არის სასაზღვრო უსაფრთხოების გაძლიერება ან ახალი სავიზო პროგრამების შექმნა. ის ამ მიმართულებით მხოლოდ სტრატეგიების შემუშავებისაკენ მოწოდებას შეიცავს.

ბაიდენის ადმინისტრაციასთან დაახლოებული წყაროს თქმით, კანონპროექტს კონგრესში განსახილველად ინაუგურაციის შემდეგ შეიტანენ.

წინასაარჩევნო კამპანიისას ბაიდენმა ტრამპის ანტისაიმიგრაციო პოლიტიკას "ამერიკის ღირებულებებზე თავდასხმა" უწოდა. მან პირობა დადო, რომ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკას გაპრეზიდენტების პირველივე დღიდან შეცვლის.

აშშ-ს პრეზიდენტად არჩეული ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ცერემონია 20 იანვარს გაიმართება. მის მიერ თეთრი სახლის შტაბის უფროსად დანიშნული რონ კალინის მიერ თანამშრომლებისათვის გაგზავნილ მემორანდუმში ჩამოთვლილია საკითხები, რომლებზეც ბაიდენი პრეზიდენტის პოსტის დაკავებიდან პირველ 10 დღეში აღმასრულებელ ბრძანებებს გამოსცემს. ესენია:

  • ფედერალური საკუთრების ტერიტორიაზე და შტატებს შორის გადაადგილებისას პირბადის ტარების სავალდებულოდ ქცევა
  • კორონავირუსის ტესტირების გაფართოება
  • სკოლებისა და ბიზნესების გახსნა
  • პარიზის კლიმატის შეთანხმებაში აშშ-ს დაბრუნებისკენ ნაბიჯების გადადგმა
  • ტრამპის მიერ მუსლიმური ქვეყნებიდან იმიგრაციაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა
  • სტუდენტური სესხების გადახდის დროებით შეჩერების გახანგრძლივება
  • ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ თავიდან აიცილონ ქირის გადაუხდელობის გამო გასახლებები და იმ ბიზნესების დახურვა, რომლებიც პანდემიისას დაზარალდნა

იმისათვის, რომ მის მიერ გამოცხადებული 1.9 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტი დაამტკიცოს, ბაიდენს კონგრესის მხარდაჭერაც დასჭირდება. კლაინის ინფორმაციით, თანამდებობის დაკავების პირველსავე დღეებში ბაიდენი კონგრესს  განსახილველად  შესთავაზებს იმიგრაციის რეფორმის კანონსაც. კიდევ რამდენიმე საკითხი, რაზეც ბაიდენი, მისი შტაბის უფროსის ინფორმაციით, პირველივე დღეებიდანვე იმუშავებს, არის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, კლიმატის ცვლილების საკითხი და აშშ-მექსიკის საზღვარზე ერთმანეთისგან დაშორებული ოჯახის წევრების გაერთიანება.

დეკემბერში ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ სურს, პრეზიდენტის პოსტის დაკავების შემდეგ 100 დღეში კორონავირუსზე 100 მილიონი აცრა გაკეთდეს.

მან  მოუწოდა ამერიკელებს, 100 დღის განმავლობაში პირბადე ატარონ.

კომენტარები