ოსკარი 2021

ტაილერ პერის საპატიო ოსკარი გადაეცემა

Las Vegas Sun

მსახიობსა და რეჟისორს, ტაილერ პერის ამერიკის კინოაკადემია ჯინ ჰერშოლტის სახელობის ჰუმანიტარულ ჯილდოს გადასცემს. 

ჰერშოლტის ჯილდო კინოაკადემიის ერთ-ერთი ყველაზე საპატიო ჯილდოა, რომელიც 1956 წლიდან საქველმოქმედო საქმიანობაში ჩართულ კინომოღვაწეებს გადაეცემათ. თავად ჰერშოლტი მსახიობი იყო, რომელიც 18 წელიწადს საქველმოქმედო ფონდს ხელმძღვანელობდა. დღემდე ჯილდო მხოლოდ 39 ადამიანს აქვს მიღებული მათ შორის  ოპრა უინფრის, ანჯელინა ჯოლის, ელიზაბეტ ტეილორს, ოდრი ჰეპბერნს, დები რეინოლდსს და ჯინა დევისს. 2011 წელიდან დაჯილდოების ცერემონია მთავარი ღონისძიებისგან დამოუკიდებლად ტარდება.

პერის ოსკარი გასულ წელს კორონავირუსის პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის დროს საქველმოქმედო კამპანიების წარმოებისთვის, ასევე რასობრივ უთანასწორობასთან ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცემა.

ტაილერ პერის პოპულარობა ასაკოვანი შავკანიანი ქალის, მადეას პერსონაჟმა მოუტანა. მადეას შესახებ კომედიებში პერი მთავარი როლის შემსრულებელი, სცენარისტი, რეჟისორი და პროდიუსერია. 2011 წელს გამოცემა Forbes-მა პერი ყველაზე მაღალშემოსავლიან კინომოღვაწედ დაასახელა. იგი აქტიურადაა ჩართული საქველმოქმედო და ადამიანის უფლებათა დაცვის კამპანიებში.

ამერიკის კინოაკადემიის რიგით 93-ე დაჯილდოება კორონავირუსის პანდემიის გამო თებერვლის ნაცვლად 25 აპრილს გაიმართება. 

კომენტარები