არასრულწლოვნის სიცოცლის საფრთხის ქვეშ ჩაგდება

მოქალაქე არასრულწლოვნის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის - იარაღით სროლის ნებას რთავს [VIDEO]

მოქალაქე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც არასრულწლოვანს ცეცხლსასროლ იარაღს აძლევს და გასროლისკენ უბიძგებს, რითაც მის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. ვიდეო თავად მოქალაქემ საკუთარ Facebook-ზე გუშინ, 11 იანვარს, გამოაქვეყნა.

ტაბულა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოს შესახებ ბავშვთა უფლებადამცველებს დაუკავშირდა. როგორც ჩვენთან საუბარში პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) იურისტი, ანა არგანაშვილი განმარტავს, ეს საშიში ქმედებაა. ბავშვთა უფლებების დამცველების შეფასებით, ვიდეოში ასახული ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულად უნდა შეფასდეს.

"ბავშვთა უფლებების დამცველების აზრით, ეს უნდა შეფასდეს, როგორც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენება იმ პირის, რომელსაც არ შეუძლია თავი დაიცვას, ესაა სსკ-ის 127-ე მუხლი, რომელიც გვეუბნება, რომ დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი მოქმედებისას, რომ სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში აყენებს ადამიანს, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა, რომ ზომები მიიღოს თავის დასაცავად, ესაა ბავშვი, რადგან, ის [ბავშვი] ვერ იაზრებს რა ხდება.

ჩვენ არ ვიცით, ვინაა ეს პირი, რომელმაც ბავშვს იარაღი მისცა, თუ ის ოჯახის წევრია, მაშინ აუცილებლად ეს მუხლი ერთობლიობაში უნდა განვიხილოთ ოჯახში ძალადობის მუხლთან (სსკ-ის 126 პრიმა) და სანქცია ამ შემთხვევაში არის 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და სსკ-ის 127-ე მუხლის, პირველი რაც ვახსენე, სანქცია არის 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ორივე მუხლი ერთობლიობაში აუცილებლად უნდა განვიხილოთ. ყველა უნდა მიხვდეს, რომ ეს დასჯადი ქმედებაა, არაა სასაცილო". – ამბობს ანა არგანაშვილი ტაბულასთან საუბარში.

ტაბულა ვიდეოს შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა. უწყება, ამ დროისთვის, საკითხს სწავლობს.

კომენტარები