გიორგი შაქარაშვილი

POG: კიდევ ერთხელ დადასტურდა, შაქარაშვილი არის მოკლული, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ

საქართველოს პროკურატურის ცნობით, კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის თანახმად,  კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლეს და მკვლელობამდე მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი წყალში გადააგდეს. 

უწყების ცნობით, ახალი სამედიცინო დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილს სხეულის სხვადასხვა ნაწილებში  დაზიანებები აღენიშნებოდა, რომლებიც მათი ხასიათიდან და ლოკალიზაციიდან გამომდინარე, განვითარებულია მინიმუმ 9 დარტყმით ფეხის, ხელის ან სხვა სახის მკვრივი-ბლაგვი საგნებით. აღნიშნული კი პირდაპირ მიუთითებს, რომ გიორგი შაქარაშვილს მკვლელობამდე სასტიკად გაუსწორდნენ, რის შემდგომაც  წყალში გადააგდეს.

"გიორგი შაქარაშვილის მუცლის მიდამოში არსებული დაზიანება განვითარებულია სხეულზე ფეხსაცმლიანი ფეხის დარტყმის შედეგად, რითაც გამოირიცხა გავრცელებული ვერსია, რომ გიორგი შაქარაშვილმა აღნიშნული დაზიანება ხიდის ქვეშ, ბილიკზე ჩასასვლელთან არსებულ ჯებირზე შეჯახებით მიიღო.

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ასევე გამოირიცხა, რომ გიორგი შაქარაშვილმა სხეულზე არსებული დაზიანებები წყალში ჩავარდნის შემდგომ მიიღო, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მის სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებულია მკვლელობამდე უახლოეს პერიოდში და წარმოადგენს მასზე ფიზიკური ძალადობის კვალს". – წერია განცხადებაში. 

კომისიური დასკვნის თანახმად, ასევე დგინდება, რომ მკვლელობის მომენტიდან გიორგი შაქარაშვილის გვამი 3-4 დღის განმავლობაში იმყოფებოდა წყალში, რაც ცალსახად თანხვედრაშია გამოძიებით დადგენილ გარემოებებთან და გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის დროსთან.

"ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ  გიორგი შაქარაშვილი არის მოკლული, ხოლო მკვლელობამდე მას ბრალდებულები ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

საქართველოს პროკურატურა კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გიორგი შაქარაშვილის ოჯახს, ახლობლებს და  აცხადებს, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელები კანონის სრული სიმკაცრით აგებენ პასუხს" . – წერია განცხადებაში. 

 

19 წლის ფეხბურთელის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე დაკავებულ 17 პირს ბრალად ძალადობის ორგანიზება, მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და ძალადობა ედება. სასამართლო საქმის ამ ნაწილში ცალკე განიხილავს 11 სრულწლოვანი პირის საქმეს. გარდა ამისა, ტოიოტა ქამრის ხუთ მგზავრს - ვახო ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძეს, არასრულწლოვან ზ.ხ.-სა და ა.ქ. -ს გამოძიება გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობასაც ედავება. პროკურატურის ვერსიით, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში გადააგდეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

კომენტარები