ვენესუელა

ვენესუელას ორი ეროვნული ასამბლეა ჰყავს, მადურომ პარლამენტი ლოიალისტებით დააკომპლექტა

Reuters

ვენესუელაში დაამტკიცეს ეროვნული ასამბლეის ახალი შემადგენლობა, რომელიც მადუროს სოციალისტური პარტიის წევრებისა და მისდამი ლოიალურად განწყობილი სხვა პოლიტიკოსებისაგან შედგება.

პარალელურად მანდატი გაიხანგრძლივა ძველმა ეროვნულმა ასამბლეამ, სადაც უმრავლესობას ოპოზიცია ფლობდა. მათ თავმჯდომარედ კვლავ ოპოზიციის ლიდერი, ხუან გუაიდო აირჩიეს.

ოპოზიციამ 6 დეკემბერს ქვეყანაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა, მისი შედეგები კი უკანონოდ ცნო.

არჩევნებისადმი ოპოზიციის ბოიკოტის მიზეზად მთავარი ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, რომ ის თანასწორ და სამართლიან გარემოში არ ტარდებოდა. ევროკავშირმა არჩევნებზე დამკვირვებლები არ გაგზავნა და მის შედეგებს არ აღიარებს. შედეგებს არ აღიარებს არც აშშ.

მასში მონაწილეობა მოსახლეობის სულ 31%-მა მიიღო, რაც დაახლოებით 5.2 მილიონ ამომრჩეველს უდრის. არჩევნებიდან რამდენიმე "სახალხო კონსულტაცია" ჩაატარა ოპოზიციამ. მათ თქმით, ერთი კვირის განმავლობაში 6.5 მილიონამდე ადამიანი გამოჰკითხეს, მათ შორის 2.4 მილიონი ონლაინ, 845 000-მდე კი საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქე. მათ ჰკითხეს, ცნობდნენ თუ არა 6 დეკემბრის არჩევნებს და ემხრობოდნენ თუ არა ეროვნულ და საგარეო დონეზე ვენესუელაზე ზეწოლის ყველა მექანიზმის გამოყენებას თავისუფალი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად. შედეგები ჯერჯერობით უცნობია, ასევე დამოუკიდებლად არ მომხდარა ოპოზიციის მიერ დასახელებული რიცხვების გადამოწმება.

მიუხედავად ამისა, გუაიდოს მეთაურობით ოპოზიციამ კენჭი უყარა ეროვნული ასამბლეის მანდატის გახანგრძლივებას. აღსანიშნავია, რომ მათ წინააღმდეგ დაწყებულია გამოძიებები. ზეწოლისა და დევნის გამო ოპოზიციონერთა ნაწილმა ასამბლეა დატოვა, ნაწილმა კი - ქვეყანა.

მიმდინარე წელს მადუროს ერთგულმა უზენაესმა სასამართლომ ახალი საარჩევნო კომისია დაამტკიცა. კომისიის წევრებიდან სამი აშშ-სა და კანადის სანქციების ქვეშაა. საარჩევნო კომისიის დამტკიცებაში მონაწილეობა არ მიუღია პარლამენტს, მიუხედავად იმისა, რომ პროცესში პარლამენტის მონაწილეობა სავალდებულოა.

მადუროს რეჟიმის მმართველობისას შექმნილი ჰუმანიტარული, ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის გამო, ბოლო წლებში, ვენესუელა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. საერთაშორისო სავალუტო ფონდი ვარაუდობს, რომ წელს ვენესუელის მშპ 25%-ით შემცირდა, ინფლაციამ ქვეყნის ეროვნული ვალუტა, ბოლივარი, უკიდურესად გააუფასურა. მის მმართველობას მხარს მხოლოდ რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, სირია და კუბა უჭერენ.

კომენტარები