კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: WHO-მ საქართველოში ვაქცინაზე კვლევა ჩაატარა, ნახევარზე ცოტაა მზად ვაქცინისთვის

თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ახალი კორონავირუსის ვაქცინის მიმართ მოსახლეობის ნდობა ძალიან სერიოზული პრობლემა იქნება საქართველოს შემთხვევაშიც. ამის შესახებ მან პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა. 

"ვაქცინის მიმართ ნდობა და სურვილი, რომ გაიკეთონ ვაქცინა, იქნება ძალიან სერიოზული პრობლემა ჩვენს შემთხვევაშიც". – თქვა თამარ გაბუნიამ. 

მინისტრის მოადგილის თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოში რეგულარულად ატარებს გამოკითხვებს Covid-19-თან დაკავშირებულ საკითხებზე და ერთერთი ასეთი საკითხი სწორედ ვაქცინისადმი ნდობა იყო. 

"ვაქცინაციასთან დაკავშირებით გამოკითხვა ჩატარდა ნოემბრის ბოლოს და მოსახლეობის, დაახლოებით, 47% იყო ისეთი, რომელიც ამბობდა, რომ გაითვალისწინებდნენ ვაქცინის გაკეთებას, თუ მათ ასეთი შეთავაზება ექნებოდათ. ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ როდესაც დადგება ეს მომენტი, ეს ხალხი აუცილებლად გაიკეთებს ვაქცინას. გამოდის, რომ ნახევარზე ცოტა ნაკლები ადამიანი არის განმსჭვალული იმისკენ, რომ ვაქცინა უნდა გაიკეთოს". – ამბობს თამარ გაბუნია. 

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ვაქცინისადმი ნდობის გაზრდას საქართველოში ძალიან დიდი საინფორმაციო კამპანია დასჭირდება. 

კომენტარები