ერთპარტიული პარლამენტი

ინაშვილი: პატრიოტთა ალიანსი არ შედის პარლამენტში, ბიზნესმენები პარტიის წევრები არ არიან

პარლამენტი

"ბიზნესმენები არ არიან ჩვენი პარტიის წევრები, შესაბამისად, არ მაქვს არანაირი ბერკეტი მათზე ზემოქმედების. პოლიტიკოსები არ შევდივართ პარლამენტში, პატრიოტთა ალიანსი არ იქნება წარმოდგენილი პარლამენტში". -  თქვა პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა. 

პატრიოტების სიით წარდგენილ 3 კანდიდატს ცესკოსთვის რეგისტრაციის გაუქმებისთვის არ მიუმართავს. კანონის თანახმად, მას შემდეგ, რაც პარლამენტი პარტიის იმ წევრების მანდატებს გააუქმებს, რომლებმაც უკვე მიმართეს უწყებას შესაბამისი მოთხოვნით, მათ ადგილებს ადგილმონაცვლეობის პრინციპით ეს დეპუტატები დაიკავებენ.

როგორც ინაშვილი ამბობს, ქართული ოცნების გადაწყვეტილება, კენჭი უყაროს სამი დეპუტატის უფლებამოსილების საკითხს, უკანონობა და მართვის ბოლშევიკური სტილია. 

"ბოლშევიკები 20-იან წლებში ზუსტად ამ სტილში მართავდნენ ქვეყანას, ისინი სჯიდნენ მათთვის მიუღებელ ადამიანებს, რომლებიც არ იზიარებდნენ ბოლშევიკურ იდეებს, არ იყვნენ მათი მხარდამჭერები, გამოყოფდენ ცალკე და სამაგალითოდ სჯიდნენ. ქართულ ოცნებას ვეუბნები, არ შევდივართ პარლამენტში, ვადასტურებთ, რომ უარს ვამბობთ გაყალბებული გზით ფორმირებულ პარლამენტში შესვლაზე. ეს ფორმა და სტილი, რომ მაინცდამაინც სამი დეპუტატის უფლებამოსილების საკითხს უყარო კენჭი არის უკანონობა და მართვის ბოლშევიკური სტილი". - ამბობს ინაშვილი. 

რაც შეეხება, პარტიის ერთ-ერთ წევრს, ფრიდონ ინჯიას, რომელსაც  რეგისტრაციის გაუქმებისთვის არ მიუმართავს, ინაშვილი ამბობს, რომ თუ ინჯია პარლამენტში შევა, მას პარტიის დატოვება მოუწევს. 

"ფრიდონ ინჯია პარტიის წევრია, მაგრამ ჩვენ ვიმსჯელეთ და ფრიდონი დადგება არჩევანის წინაშე, თუ ის შევა პარლამენტში, მაშინ პარტიას დატოვებს". - ამბობს ინაშვილი. 

პარტიის სიის მერვე ნომერმა, დავით ზილფიმიანმა პარლამენტში შესვლა გადაწყვიტა. მან ღია წერილი გაავრცელა და აღნიშნა, რომ "დაუშვებელია ოპონირების გარეშე ქვეყნის მართვის პროცესის მიტოვება" და სამართლიანობის აღდგენისთვის პარლამენტიდან იბრძოლებს. 

პარლამენტი პატრიოტთა ალიანსის დეპუტატების პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს 4 იანვარს განიხილავს. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, პატრიოტთა ალიანსის 3 დეპუტატის მიერ მანდატებზე უარის თქმის მიუხედავად, ადგილომანცვლე დეპუტატების პარლამენტში შესვლა იურიდიულად სავსებით შესაძლებელია და ამის მაღალი ალბათობაც არსებობს.

როგორც ცესკოს მიერ 31 დეკემბერს გამოქვეყნებული განკარგულებითა და დანართით ირკვევა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პირადი განცხადებების საფუძველზე პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო სიის არაგამსვლელ ნაწილს, 125 წევრს უკვე გაუუქმა რეგისტრაცია, თუმცა პარტიული სიიდან ჩახსნისთვის არ მიუმართავთ სიის მე-5, მე-7 და მე-8 ნომრებს – გელა მიქაძეს, ფრიდონ ინჯიას და დავით ზილფიმიანს. 

პარლამენტის მანდატების გაუქმების მოთხოვნით პატრიოტთა ალიანსის სამმა წევრმა, ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ 21 დეკემბერს მიმართეს. ცესკოს მიერ დამტკიცებული შედეგებით, პატრიოტთა ალიანსმა არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 3.14% და 4 საპარლამენტო მანდატი მოიპოვა.

ოპოზიციის 60 დეპუტატიდან 54-მა ოფიციალურად თქვა მანდატზე უარი. პარლამენტარობაზე უარის თქმის მოთხოვნით პარლამენტისთვის მხოლოდ მოქალაქეებსგირჩის სამ და პატრიოტთა ალიანსის ერთ წევრს არ მიუმართავთ.

კომენტარები