მსოფლიო კულტურა

2020 წლის მთავარი ამბები – კულტურა

მსოფლიო კულტურა

2020 წლის მთავარი ამბები – კულტურა

ბილი აილიში. ამერიკელმა მომღერალმა გრემის დაჯილდოების რეკორდი მოხსნა. ის ყველაზე ახალგაზრდა შემსრულებელი გახდა, რომელმაც მთავარ ნომინაციებში გაიმარჯვა. აილიშმა "საუკეთესო ახალი არტისტის", "წლის ალბომის", "საუკეთესო პოპ ალბომის", "წლის ჩანაწერის", "წლის სიმღერის" კატეგორიების ტრიუმფატორი გახდა.

პარაზიტის წარმატება. კინოს ისტორიაში პირველად სამხრეთკორეულმა ნამუშევარმა საუკეთესო ფილმის ნომინაციაში "ოსკარი" მიიღო. ამერიკის კინოაკადემიამ ბონ ჯუნ-ჰოს ფილმს 5 ჯილდო გადასცა.


სამეფო კარის თამაშები. ინგლისის მოქმედი მონარქის, ელისაბედ II-ის შვილიშვილმა, პრინცმა ჰარიმ და მისმა ცოლმა მეგან მარკლმა სამეფო ოჯახის წევრობაზე უარი თქვეს. წყვილს აღარ იღებს დაფინანსებას ინგლისის ხაზინიდან, ამჟამად ცოლ-ქმარი ამერიკაში ცხოვრობს.


ვაინშტაინის საქმე. ყოფილ პროდიუსერს ნიუ-იორკის სასამართლომ 23-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ვაინშტაინს სასამართლომ მესამე ხარისხის სიმძიმის გაუპატიურება და პირველი ხარისხის სიმძიმის სექსუალური ძალადობა დაუმტკიცა.


ვეფხვების მეფე. Netflix-ზე გამოსული დოკუმენტური ფილმის "Tiger King"-ის მთავარი გმირი ოკლაჰომას შტატში მცხოვრები ეგზოტიკური ზოოპარკის მფლობელია, რომელიც დღეს სასჯელს ციხეში იხდის. ჯო ეგზოტიკის ისტორიამ მილიონობით ადამიანის ყურადღება მიიქცია, გასულ წელს არც ერთ დოკუმენტურ ფილმსა თუ სერიალს მსგავსი გამოხმაურება არ ჰქონია. 


კორონავირუსი ჰოლივუდში. კორონავირუსით ინფიცირებული პირველი დიდი ვარსკვლავები ტომ ჰენქსი და მისი ცოლი რიტა უილსონი გახდნენ, მოგვიანებით დაავადება იდრის ელბამ, ბრაიან კრენსტონმა, დუენ ჯონსონმა და სხვა ჰოლივუდის მსახიობებმა მოიხადეს. 


კანიე პრეზიდენტად. კანიე უესტმა, რომელიც ჯორჯ ფლოიდის მკვლელობამდე დონალდ ტრამპის აქტიური მხარდამჭერი იყო პოლიტიკური იდეალები გადააფასა და ინიციატივის ხელში აღება თავად გადაწყვიტა. რეპერმა 2020 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭი იყარა. უესტმა მოსახლების 0,3%-ის მხარდაჭერა მიიღო და საარჩევნო მარათონი მეხუთე ადგილზე დაასრულა.


ვაკანდა მუდამ! 44 წლის ასაკში ამერიკელი მსახიობი ჩედვიკ ბოუზმენი გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი სიმსივნე გახდა, რომელსაც „შავი პანტერის“ ვარსკვლავი 6 წლის განმავლობაში ებრძოდა. მსახიობმა კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი როლები ქიმიოთერაპიების პარალელურად შეასრულა. ავადმყოფობის შესახებ მხოლოდ ოჯახის წევრებმა იცოდნენ.


საგის დასასრული. კარდაშიანების ოჯახის განცხადებით სატელევიზიო შოუ “Keeping up with the Kardashians“ 14 წლის, 20 სეზონისა და ასობით სერიის შემდეგ დასასრულს უახლოვდება. საგის უკანასკნელი ეპიზოდები 2021 წელს გამოვა.


ემის რეკორდები. ამერიკის უმაღლესი სატელევიზიო დაჯილდოების ცერემონიაზე წელს რამდენიმე რეკორდი მოიხსნა:

  • Schitt’s Creek პირველი კომედიური სერიალი გახდა, რომელმაც ერთ წელს 9 ჯილდო მიიღო
  • 24 წლის ზენდაია ყველაზე ახალგაზრდა მსახიობია, რომელმაც ჯილდო კატეგორიაში - "საუკეთესო მსახიობი ქალი დრამატულ სერიალში" მიიღო. ასევე, ზენდაია მეორე შავკანიანი გამარჯვებულია ამ კატეგორიაში, პირველი ვაიოლა დევისი იყო.
  • Watchmen პირველი კომიქსების ეკრანიზაციაა, რომელმაც ერთ-ერთ მთავარ კატეგორიაში(საუკეთესო მინისერიალი) გაიმარჯვა.
  • 72-ე ცერემონია გამარჯვებული შავკანიანი მსახიობების რაოდენობით ლიდერობს. წელს ემი უზო ადუბუმ, ზენდაიამ, რონ სეპას ჯონსმა, რეჯინა კინგმა, ახია აბდულ-მატინ მეორემ, ედი მერფიმ და მაია რუდოლფმა მიიღეს.
  • 98 წლის ნორმან ლირი ემის ყველაზე ასაკოვანი გამარჯვებული გახდა

Niiiceee. ბორატ საგდიევი ეკრანებზე დაბრუნდა. 2006 წელს საშა ბარონ კოენის მიერ გამოგონილმა პერსონაჟმა, ამერიკაში ჩასულმა ყაზახელმა ჟურნალისტმა, ბორატმა მთელი მსოფლიო აალაპარაკა. 14 წლის შემდეგ კომიკოსმა მეორე ნაწილი გადაიღო.


სტაილსის სტილი. გამოცემა Vogue-ის გარეკანზე ბრიტანელი მომღერალი ჰარი სტაილსი გამოჩნდა. მუსიკოსი ჟურნალის ისტორიაში პირველი მამაკაცია, რომელიც ყდაზე მარტო მოხვდა. სტაილსის ფოტოსესიას საზოგადოების კონსერვატიული ნაწილი ნეგატიურად გამოეხმაურა, იქიდან გამომდინარე, რომ One Direction-ის ყოფილ წევრს კაბა ეცვა.


დეპი vs ჰერდი. ჯონი დეპმა გამოცემა The Sun-თან 2019 წელს დაწყებული სასამართლო დავა წააგო. The Sun-ის სტატიაში გამოცემამ დეპს Wife Beater (ცოლის მცემელი) უწოდა. 2019 წლის დასაწყისში მსახიობმა გამოცემის წინააღმდეგ სასამართლო სარჩელი შეიტანა, რომელშიც პროფესიული და მორალური ზიანისთვის კომპენსაცია - $50 000 000 მოითხოვა. დამარცხების შემდეგ მსახიობმა „ფანტასტიკურ მხეცებში“ გრინდელვალდის როლი დაკარგა, ასევე ამერიკული და ავსტრალიური Netflix-დან მისი ფილმები ამოიღეს.


Netflix-ის მორიგი სენსაცია. სტრიმინგ სერვისზე მინისერიალი „ლაზიერის გამბიტი“ გამოვიდა. შოუმ ყველა ქვეყნისა და ასაკის მაყურებლის გული მოიგო და Netflix-ის ყველა დროის ყველაზე ნახვადი პროექტი გახდა. გარდა ამისა „Queen’s Gambit“-მა ჭადრაკი მეინსტრიმში დააბრუნა. ბოლო დეკადის განმავლობაში საძიებო სისტემებში უძველესი სამაგიდო თამაშის წესებით დაინტერესებულ პირთა რიცხვმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

 

კომენტარები