საშობაო მილოცვა

"იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ" - დიდი ბრიტანეთის დედოფლის საშობაო მილოცვა

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბეთ მეორემ საშობაო მილოცვა გაავრცელა.

"აღსანიშნავია, რომ წელმა, რომელმაც აუცილებლობის გამო დააშორა ადამიანები ერთმანეთს, ბევრი კუთხით კიდევ უფრო დაგვაახლოვა...გაერთიანებულ სამეფოში და მთელ მსოფლიოში ადამიანები ამ წლის გამოწვევებს ბრწყინვალედ გაუმკლავდნენ...

...ჩვენ კვლავ შთაგვაგონებს უცხო ადამიანების სიკეთე და ნუგეშს ვპოვებთ იმაში, რომ ყველაზე ბნელ ღამესაც კი ახალი განთიადის იმედი არსებობს. რა თქმა უნდა, ბევრისთვის წელიწადის ეს დრო სევდით იქნება შეფერილი. ზოგი თავისთვის ძვირფასი ადამიანის გარდაცვალებას გლოვობს, ზოგს კი მეგობრები და ოჯახის წევრები ენატრება, რომლებიც, უსაფრთხოების მიზნით მოშორებით არიან, თუმცა ერთადერთი, რაც მათ მართლა სურთ ამ შობას, უბრალოდ ჩახუტება ან ხელის ჩაკიდებაა.

თუ თქვენ მათ შორის ხართ, იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ და ნება მომეცით, დაგარწმუნოთ, რომ ჩემი ფიქრები და ლოცვები თქვენთანაა."

დედოფალს მილოცვაში არ უხსენებია სიტყვები "პანდემია" და "კორონავირუსი", თუმცა მთავარი თემა სწორედ ეს იყო და მან სამედიცინო სფეროს მუშაკებს და მეცნიერებს თავდაუზოგავი შრომისათვის მადლობა გადაუხადა.

დედოფალი და პრინცი ფილიპი უინძორის სასახლეში თანამშრომელთა მცირე ჯგუფთან ერთად ცხოვრობენ. სწორედ აქ შეხვდნენ ისინი შობის დღესასწაულს ოჯახის წევრების გარეშე. როგორც წესი, სამეფო ოჯახი შობას ერთად ხვდება. დედოფალი არც საშობაო საეკლესიო მსახურებას დასწრებია, რათა თავი აერიდებინა ხალხმრავლობისათვის.

მიმდინარე წელს ეს დედოფლის მესამე სატელევიზიო მიმართვაა.

ახალი წლის მილოცვა გაავრცელეს კემბრიჯის ჰერცოგმა პრინცმა უილიამმა და ჰერცოგინია ქეით მიდლტონმა. მათ Twitter-ზე გამოაქვეყნეს იმ პროფესიის წარმომადგენლების ფოტოები, რომლებიც სადღესასწაულო დღეებშიც მუშაობენ:

"ამ შობას ჩვენი ფიქრები იმ ადამიანებთანაა, რომლებიც დღევანდელ დღეს მარტო ატარებენ, მათთან, ვინც ძვირფასი ადამიანის დაკარგვას გლოვობს და მათთან, ვინც ბრძოლის წინა ხაზზეა, კვლავ პოულობს ენერგიას დროებით შეაჩეროს საკუთარი ცხოვრება და იზრუნოს სხვებზე."

 

კომენტარები