კორონავირუსი საქართველოში

ბოლო 14 დღეში დიდ ბრიტანეთში მყოფი მოქალაქეები საქართველოში 12-დღიან კარანტინს გაივლიან

The Times of Israel

დიდ ბრიტანეთში დაფიქსირებული კორონავირუსის ახალი შტამის გამო უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა პირი, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც აქვთ დიდ ბრიტანეთში ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას დაექვემდებარებიან 12-დღიან სავალდებულო კარანტინს საკარანტინო სივრცეში.

როგორც საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თქვა, დიდი ბრიტანეთი ისედაც არ შედის მთავრობის განკარგულებით განსაზღვრულ იმ 18 ქვეყანას შორის, რომელთა მოქალაქეებისთვის და მუდმივი ბინადრობის მქონე პირებისთვის შესაბამისი პირობებით დასაშვები იყო ქვეყანაში შემოსვლა, ამ ეტაპზე არც პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა აქვს საქართველოს დიდ ბრიტანეთთან .

"შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება ეხება საქართველოს მოქალაქეებს, ასევე ბიზნესვიზიტორებს, რომლებსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში ჰქონდათ მოგზაურობის ისტორია დიდ ბრიტანეთში და ასევე, იმ 18 ქვეყნის ყველა მოქალაქეს ან რეზიდენტს, რომელთათვის გარკვეული პირობებით დასაშვებია ჩვენს ქვეყანაში შემოსვლა". – თქვა ბერდია სიჭინავამ.

კორონავირუსის ახალ შტამი, რომელიც პირველად დიდ ბრიტანეთში გამოავლინეს, 70%-ით უფრო გადამდებია. დიდ ბრიტანეთში მთავრობამ უკვე გაამკაცრა შეზღუდვები. ევროკავშირი მასზე რეაგირების ზომებს განიხილავს.

ახალი შტამით დაავადების შემთხვევები უკვე დაფიქსირდა დანიაში, იტალიასა და ნიდერლანდებში.

მოსალოდნელია, რომ 21 დეკემბერს ევროპული სამედიცინო სააგენტო Pfizer-BioNTech-ის კორონავირუსის ვაქცინას გამოყენებისათვის დაამტკიცებს. მას უკვე იყენებენ დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში.

კომენტარები