ხატძვისხეო, ხატძვისხეო!

ჩვენი გაკვირვება რთულია, თან ახალ წელს. ბოლოსდაბოლოს, ვინ და სად აღარ გვინახავს. მაგრამ თურმე "პაჩკა-პაჩკა" დოლარებზე პროვინციალური გროტესკის მოფიქრებაც ხელგვეწიფება. საახალწლო მილოცვის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი იდგა ნაძვისხესთან, რომელიც სხვადასხვა მოზიბზიბე სათამაშოსთან ერთად, მორთული იყო მთავარანგელოზებისა და წმინდა გიორგის ხატებით. ღრმადმორწმუნეებმა იქვე ადვილად შევნიშნეთ უდიდესი ქრისტიანული სიმბოლო, ოქროს საწმისი. ჩვენ უკვე ვიცით, რომ ქვეყანაში, სადაც პატრიარქის რეიტინგი ზრდასრულებს შორის, ბავშვებს შორის სანტა კლაუსის რეიტინგზე დიდია, ლოგიკურია, რომ ელექტორალური ყნოსვის პოლიტიკოსი, ცდუნებას ვერ უძლებს კამერების წინ ორი განცხადება გააკეთოს: პირველი ხმამაღლა, შეფერუმარილებული ჟურნალისტის მიერ ძლივსდასმულ კითხვაზე, და მეორეს უტყვად - „თქვენ ალბათ რთულად მამჩნევთ, რადგან ჩემს უკან კარადაში შეყუჟულ გიგანტურ გათხოვების ღვთისმშობელს, ჩემს თავზე კალთა აქვს გადმოფარებული“.

იყო შემთხვევები, როცა წმინდანად შერაცხული რომანოვების ოჯახის გამოსახულების ფონზე, მათი მზრუნველობით რომ აღშენდნენ კიდენი ამა ქვეყნისანი, პოლიტიკოსებს ნატოში შესვლის გარდაუვალობაზეც უსაუბრიათ. თუ სწორად მახსოვს, ვიღაცას იგივე პეიზაჟზე რეზო ჩხეიძეც უნდა ყავდეს მიგმობილი.

გასაგებია, რომ ქვეყანაში სადაც წმინდა გიორგი შეიძლება უთვალავი „კალცო-ბეჭდებით“ მორთო, უცნაური სულაც არ არის იგივე ხატი ნაძვისხეზე მიამაგრო და თქვა, რომ სინამდვილეში ეს წმინდა გიორგის მორთვა სცადე ნაძვისხით, მაგრამ მთავარი ეს არ არის. მთავარი არც ის არის, რომ პრეზიდენტის ზურგს უკან მოცქერალი ღვთისმშობლის სახელწლოდება - казанская божья матерь, ან უბრალოდ - ყაზანის ღვთისმშობელი გახლავთ.  მთავარი არც ის უნდა იყოს, რომ მოიძებნება მრავალი პატრიარქის ნათელში დაზაგრული გოგოშკა, რომელიც  ამ მიგნებას გაიმეორებს და ქმრებს მომავალ წელს დოლარების ნაცვლად ნაძვის ხეს ღმერთი-რჯული-ხატით მოურთავს. მთავარი ის არის, რატომ გმობს საპატრიარქო "დიდ ათეულში" წმინდანების შეყვანას, ხოლო ნაძვისხეზე მათ "მიიგრუშკებას" გაგებით ეკიდება? თორემ პრემიერმა რაც უნდა, სადაც უნდა, დაკიდოს, ეგ ჩვენ არ ვიდარდოთ. 

 

კომენტარები