ფეხბურთი და გურამიშვილი

ესე საქმე სულ ასეა – რაც თავი მახსოვს, ტელეეკრანისკენ მიბრუნებული.

წინასწარ ვიცი, რომ ინგლისი სადღაც გავარდება, მუნდიალი იქნება თუ ევრო. გავარდება რამე ისეთი დრამატული სცენარით, შექსპირიდან და ბომონტიდან რომ მოსდევს. ისე არ გამოდის. ვინმე გონიერი კაცი აირჩევდა ბრაზილიას ან ესპანეთს – დაზოგავდა ჯანმრთელობას და ლანძღვა-გინების სიტყვათა მარაგს. მაგრამ ეს ფეხბურთის ფანობა ხომ რაღაც უცნაური რამეა. აი, ახლაც კიევში, ალბიონელების დატოვებულ დროშებთან ვზივარ და სხვაგვარად არ ძალმიძს. ჩემი გულის საფეხბურთო ნაწილი მათ ეკუთვნით და როგორც ოდითგანვე გვკარნახობდნენ – გულს ვერ უბრძანებ.

ხოლო აქ სხვა საქმეზე ვარ. რადგან ევროპის ჩემპიონატს დაემთხვა ჩამოსვლა, ვიფიქრე ბილეთს ვიყიდდი, მაგრამ ამაოდ. ადრევე დაეპატრონენო. ეკრანით დ აურით დავკმაყოფილდი. და რაც შეეხება საქმეს – ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული ემიგრაციის დარბაზს ვხსნით. აქამდე რატომღაც ისე გამოვიდა – სადაც სიტყვა ემიგრანტს ახსენებენ, მხოლოდ ნოე ჟორდანია მოაგონდებათ ხოლმე და ის ხალხი, ამ მთავრობას რომ გაჰყვა. არადა, ნაკადი ბევრი იყო და სხვადასხვა დროს. ერთ-ერთი პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი ვახტანგის ამალაა მოსკოვისკენ საუკუნეების წინ დაძრული. ეს კი თითქოს რაღაც უცნაური ემიგრაცია გახლდათ – ფორმით და არა თვისობრივად – დაახლოებით, ისეთი, საქართველოს დემოკრატიული მთავრობა, წითელი არმიის შემოსვლის შემდეგ საცხოვრებლად პეტერბურგში რომ გადასულიყო. მაგრამ რაც უბრძანეს, ის გააკეთეს. თან ამას ღია მტრობა მაშინ არც ეთქმოდა. ზოგმა შეიძლება ისიც თქვას, სადაც გულმა გაუწიათ, იქ წავიდნენო. როგორც რომ უნდოდათ, ისე მოახდინესო. ქართული დიდებულების უნიათობაზეც შეიძლება საუბარი რიგ შემთხვევაში. ეს სხვა სახის საკითხია და განსხვავებულ კვლევას საჭიროებს. აი, ქართული იმჟამინდელი ემიგრაციის მნიშვნელოვანმა ნაწილმა კი მოსკოვი რაღაც მიზეზით მალევე დატოვა და პოლტავაში დაფუძნდა. მათ შეუერთდა დავით გურამიშვილი – ქართველ დიდპოეტთა ხუთეულში უსათუოდ დაფუძნებული კაცი, რომელიც მხოლოდ ლექსებს არ დასჯერდა და ნახაზებს ქმნიდა სამეურნეო საქმეთათვის. ამის გამო, მირგოროდში მას ერთიორად აფასებენ. იქ მისი მუზეუმი და ბიბლიოთეკაა. ასევე საფლავი შთამბეჭდავი ობელისკით. საფლავი, რომელიც სავარაუდოა, თუმცა ბევრი თვლის, რომ მის ნამდვილობას წყალი არ გაუვა. ამასწინ რამდენჯერმე გამოთქვეს წინდაუხედავი აზრი მისი საქართველოში გადმოსვენების შესახებ. თითქოს „დავითიანს” ყოველდღე ვაბულბულებდეთ და ახლა პოეტის ძვლებთან მედიტაცია მოგვინდა. ამაზე უფრო მეტიც, ეს უკრაინელი ხალხის დაუფასებლობაა – უნდა ნახოთ ის მუზეუმი და ბიბლიოთეკა, მათი თანამშრომლები და, გნებავთ, მოქალაქეები. მოვუხმოთ აქ პათეტიკურ იდიომს – ანთებული თვალებით. დიახ, ანთებულით. და მესამეც – აქ რაღაც ზედაპირული კოკეტობაა. გურამიშვილი ბრენდია. სხვა კი საერთოდ არ გვახსოვს. არადა, პოლტავაში არის ძალიან საინტერესო არქივები, რომელსაც იქაური მეცნიერები იკვლევენ, ჩვენგან კი არავინ იწუხებს თავს. გეგონება, ამგვარი მასალებით დიდად განებივრებული ვიყოთ. ვინმემ უნდა მიხედოს ამ ემიგრაციას.

დნეპროპეტროვსკში, სულხან-საბას ძმის შთამომავალი – თუ გვარის გაგრძელების მხრივ ვიტყვით, უკანასკნელი – გალინა ბულატნიკოვა-ორბელიანი ვნახეთ. ქართული, რაღა თქმა უნდა, არ იცის. თუმცა საოცარ საქმეს აკეთებს – საკუთარი გენეალოგიის კვლევა დაიწყო. აგროვებს ყველაფერს – მეცხრამეტე საუკუნის სამოსის ნარჩენები, მეოცის დასაწყისის მისალოცი ბარათები, ხელნაწერები, ნოტების სახელმძღვანელო მინაწერებით. ინიშნავს ზეპირ გადმოცემებსაც. წერს სტატიებს ორბელიანებზე იქაურ გაზეთებში. მოკლედ, არ იღლება. აქამდე ერთი-ორი იქაური ქართველი თუ გამოეხმაურა, ჩვენს ყურამდეც მათი გზით მოაღწია და „თავს დავესხით”. როცა გვნახა, დიახაც, იტირა. ბევრი რამ ერთად გაუხარდა. ისე, რომ ზოგიერთ უძვირფასეს ნივთსაც შეელია და ბიბლიოთეკას აჩუქა. ეს ცალკე და სასიხარულო თემაა. მაგრამ ერთი სიხარული საქმეს წინ ვერ წასწევს – ჩვენ უნდა ვისწავლოთ საკუთარ კულტურაზე ზრუნვა. თუ არ დავიზარებთ და მოვინდომებთ – გამოვა საქმე. პატარა საქმე როდია. აი, ინგლისი რომ ფინალში გავიდეს, იმას ჰგავს.

 

კომენტარები