Goodbye USSR როდის დაიშალა საბჭოთა კავშირი – სამოთხე დედამიწაზე თუ ჯოჯოხეთი ცხოვრებაში

ვიცი, საბჭოთა კავშირის გახსენებაზე, ბევრს ჯერ კიდევ სიამოვნების გრძნობა უჩნდება. მათი ეს გრძნობა შესაძლებელია გასაგებიც იყოს – საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ბევრი მათგანის ცხოვრების მდგომარეობა ბევრად არ გაუმჯობესებულა, ზოგის გაუარესდა კიდეც, ხოლო 2005 წლამდე, დიდხანს, ჩვენი ქვეყანა ბუნებრივი კატასტროფის შემდგომ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ამ ადამიანების ადვილად მესმის – მათი სოციალური სტატუსი ერთბაშად შეიცვალა – ხალხში პატივცემული ინჟინრებიდან, პედაგოგებიდან, ექიმებიდან, მსახიობებიდან და მეცნიერებიდან, უცებ არავისთვის საჭირო ადამიანებად გადაიქცნენ. ამას ვერანაირი ეკონომიკური სიძნელეები ვერ შეედრება, რომელიც ამავე პერიოდში გადავიტანეთ.

ასეთ მდგომარეობაში აღმოჩენილი ადამიანებისათვის დიდი ვერაფერი შეღავათია, მაგრამ კარგი იქნებოდა ალბათ, იცოდნენ, რომ ის ყველაფერი, რაც იქ, საბჭოთა კავშირში დატოვეს, არასოდეს არავის დაავიწყდება – არც მილიონობით დაღუპული ადამიანი და მათი ოჯახები, გადასახლებული და განადგურებული ერები, ქალაქები და სოფლები, მიწასთან გასწორებული კულტურა და ტრადიციები, პატივ- და თავისუფლებააყრილი ადამიანები.

ძნელია მხოლოდ ჩვენს თავზე ავიღოთ ტოტალიტარიზმის მხარდაჭერა – ეს მთელს ევროპაში ხდებოდა, ჩვენ მხოლოდ ამ ჭირის იმპორტს ვეწეოდით და შემდგომში რეექსპორტსაც. არც ის მგონია სწორი, მკვლელ და ბანდიტ სტალინს გადაბრალდეს ყველაფერი – ამასობაში დავივიწყოთ მარქსი, ლენინი და სხვა სისხლისმოყვარული იდეოლოგები. ეს მხოლოდ ამ იდეოლოგიის მომხრეების წისქვილზე დაასხამს წყალს – ცუდმა კაცებმა ქნეს ეს და კომუნიზმი თვითონ კარგიაო, გააგრძელებენ გამეორებას.

ლუდვიგ ფონ მიზესის დაბადების ადგილზე, ლვოვში მისი მეორიალური დაფა ჩამოხსნეს, მიუხედავად უამრავი ადამიანის მოთხოვნისა – შეენარჩუნებინათ. ფონ მიზესმა 1918 წელს სოციალიზმის იდეა მცდარად გამოაცხადა და ყველა გააფრთხილა: „…სოციალიზმის იდეა ადამიანის სულის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური ქმნილებაა... ისეთი მიმზიდველი, ისეთი ძვირფასი, რომ მან სწორად მოიპოვა უდიდესი აღფრთოვანება. თუ გვინდა მსოფლიო ამ ბარბაროსობისაგან გადავარჩინოთ, ჩვენ უნდა გავაბათილოთ სოციალიზმი, და არ გადავაგდოთ იგი გაუფრთხილებლად”.

რომ ვთქვა, საბჭოთა კავშირი მტკივნეულად დაიშალა-მეთქი, ამის წამკითხავი დღევანდელი და, მით უმეტეს, მომავალი თაობის წარმომადგენლები ვერაფერს შეიტყობენ, არც ბევრი შანსი ექნებათ კარგად გაერკვიონ რა იყო იგი. ბევრი ადამიანისთვის, ვინც მას ვერ მოესწრო, ხომ იმის გაგებაც ძნელია, რას ვერჩოდით სტალინს.

საბჭოთა კავშირი არც ადვილად შექმნილა, არც უარსებია ადვილად და ასეთივე დიდი წვალებით დაიშალა. მისი ეკონომიკური დასასრული ბევრისთვის ადრეც იყო გასაგები – ასეთი აბსურდული სისტემა ძნელად თუ მოიძებნება, რომელშიც არავის ჰქონდა მოტივაცია რაიმე კარგად ეკეთებინა, და როგორც ფრედერიკ ბასტია იტყოდა, ყველა სხვის ხარჯზე ცხოვრობდა.

საბჭოთა ეკონომიკა 1990 წელს უკვე ფაქტობრივად აღარ არსებობდა, მისი მთავარი მოქმედი პირი – ცენტრალური საგეგმო კომიტეტი მოსკოვში ვეღარაფერს გეგმავდა. ჩემთვის ეს ფაქტი კარგად იყო ცნობილი, მაგრამ შემდგომში კიდევ ბევრჯერ გავიფიქრე, ახლა კი ნამდვილად დაიშალა საბჭოთა კავშირი-მეთქი.

ჩემთვის საბჭოთა კავშირი პირველად მაშინ დაიშალა, როდესაც საქართველოს ფეხბურთის გუნდებმა უარი თქვეს საკავშირო ჩემპიონატში მონაწილეობაზე, 1989 წელს. მერე როდესაც პირველი არჩევნები ჩავატარეთ და რეფერენდუმი დამოუკიდებლობაზე, როდესაც უკვე ოფიციალურად გამოცხადდა მისი დაშლა 1991 წლის ბოლოს, 20 წლის წინ. ამ დროისათვის საქართველოში ლენინის ყველა ძეგლი მოხსნილი იყო, ასეთი ძეგლები დღეს რუსეთში, ბელარუსსა და უკრაინაში კიდევ ბევრი დგას.

მაგრამ შემდგომში საბჭოთა კავშირი კიდევ ბევრჯერ დაიშალა: როდესაც 1992 წელს გაბრაზებულმა რუსეთმა შეგვიწყვიტა საავტომობილო საწვავის მოწოდება და ჩვენ პირდაპირი კონტაქტების არარსებობის გამო სრულიად უბენზინოდ დავრჩით; იმავე წელიწადს რუსეთმა ჩაგვითრია აფხაზურ კონფლიქტში, რომელიც ქართველების გამოდევნით დასრულდა; 1993 წელს რუსეთმა უარი განაცხადა რუსეთის გარეთ თავისი ფულის მიმოქცევაზე; შემოდგომით კი კრემლმა სრული ენერგეტიკული ბლოკადა მოგვიწყო და ხის ტოტების მოგროვება დაგვჭირდა, იმ ზამთარს რომ გადავრჩენილიყავით – ეს ბლოკადა მანამდე გაგრძელდა, სანამ ყველა საწარმო ჯართად არ იქცა, თუმცა არც მანამდე იყო დიდი დოვლათი.

საბჭოთა კავშირი მაშინაც დამთავრდა, როდესაც სამოქალაქო ომის შემდეგ საქართველოს საკუთარი რესურსი გაუჩნდა, ახალი პარლამენტი შექმნა, პირველი კანონები მიიღო და კონსტიტუცია, რომელმაც კერძო საკუთრება აღიარა – რის გაუქმებასაც მანამდე ათობით მილიონი მესაკუთრის მსხვერპლი დასჭირდა, ვინც ყველაზე გვიანობამდე ებრძოდა კომუნიზმს და ვისაც დიდხანს მსხვერპლადაც კი არ აღიარებდნენ.

საბჭოთა კავშირის გაუქმება მაშინაც დავიჯერე, როდესაც პურის ფასის კონტროლის გაუქმებამ 1994 წელს, რომელმაც მანამდე არნახული დეფიციტი შექმნა, უცებ გაავსო მაღაზიების თაროები სხვადასხვა ხარისხის პურით, ხალხის მსყიდველუნარიანობიდან გამომდინარე, დახლებზე ნელ-ნელა გაჩნდა საბჭოთა დროს არსებული დეფიციტური პროდუქტები და უბრალო საოჯახო ტექნიკა, სამშენებლო მასალები და ჯინსის შარვლები, რომლის ყიდვა მხოლოდ ქრთამის მიცემის ან ცეკა-დან ჩაწყობით შეიძლებოდა; ქუჩებში გამოჩნდა სუპერდეფიციტური დასავლური ავტომობილები, რომლებიც რატომღაც ყოველდღე არ ფუჭდება და უსაფრთხოდ გადაადგილდება.

საბჭოთა კავშირი კიდევ ერთხელ მაშინ დაიშალა, როდესაც პასპორტებიდან ეთნიკური მიკუთვნების ჩანაწერი ამოვიღეთ და ადამიანის საცხოვრებელ ადგილზე მუდმივი ჩაწერის კანონი გავაუქმეთ, ღირსება დავუბრუნეთ და მონობიდან გავათავისუფლეთ ადამიანები.

საბჭოთა კავშირი განსაკუთრებით მაშინ დაიშალა, როდესაც უარი ვთქვით რუსულ მამობრივ ჩარევაზე გაზის და ენერგიის სფეროში – როგორც კი ეს მაფია მოვსპეთ, მაშინვე დავინახეთ რა ადვილი იყო ენერგიის მიწოდება. საბჭოთა კავშირის დასამთავრებლად ვირწმუნეთ, რომ ქურდებთან პოლიციის თანამშრომლობა ცუდია, ხოლო პოლიციის და უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელს, თავდაცვის მინისტრს მოსკოვიდან არ უნდა გვინიშნავდნენ – ეს საქმეს მაშინვე დაეტყო; მთელი ცხოვრება მესმოდა, რომ ქართველები ზარმაცები და უსაქმურები ვიყავით, კორუფცია ჩვენი თანდაყოლილი ნაკლი იყო, და, ახლა, ერთბაშად ყველამ ვირწმუნეთ, რომ ასე არ არის, და ასე მხოლოდ სპეციალურად ჩაგვაგონებდნენ, რომ საბჭოთა კავშირის/რუსეთის იმპერიის დატოვების ამბიცია არ გვქონოდა, თორემ ნამდვილად დავიღუპებოდით.

საბჭოთა კავშირის ნოსტალგია ბევრს გაუქრა, როდესაც რუსეთმა ღიად და საქვეყნოდ მრავალჯერ სცადა ჩვენი უკან დაბრუნება, გვებრძოლა ყველა საერთაშორისო ასპარეზზე, მოგვიწყო ეკონომიკური ბლოკადა, მიიტაცა ჩვენი ტერიტორიები, დაგვბომბა და დაგვიხოცა ადამიანები, უამრავი ათასი დევნილად აქცია საკუთარ ქვეყანაში. ეს ყველაფერი იმიტომ მოაწყო, რომ საბჭოთა წარსულზე გადაჭრით უარი ვთქვით, როდესაც ევროპის საბჭოში შევედით, მოვითხოვეთ NATO-ში გაერთიანება და დავუმეგობრდით აშშ-ს: ჩვენი რწმენა განვაცხადეთ, რომ არასოდეს დავბრუნდებოდით იმ სამყაროში, სადაც ადამიანი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება არ არის. განვაცხადეთ, რომ ვერ შევეგუებით თავისუფლების გარეშე ცხოვრებას, ვერ დავთმობთ ჩვენს ღირსებას და ადამიანების შეუზღუდავი მოქმედების და არჩევანის უფლებას, რისთვისაც გვინდა სწორედ დასავლეთთან – მის მთავარ დამცველთან – დაახლოება, გავუფრთხილდებით ამ მონაპოვარს და შეუქცევადს გავხდით.

დაბოლოს, საბჭოთა კავშირზე უარი ვთქვით, როდესაც სახელმწიფო ქონების კერძო პირებისთვის გადაცემა გადავწყვიტეთ, ეკონომიკური საქმიანობის ლიბერალიზაცია და სახელმწიფოს უფლებრივი შეზღუდვა, დერეგულაცია და საბაზრო ეკონომიკის – კაპიტალიზმის სრული ლეგალიზაცია, რომელიც ასე არ მოსწონდათ საბჭოთა ლიდერებს და მათ იდეოლოგებს.

ამ ჩემს მოგონებას ისევ ფონ მიზესის ციტატით დავამთავრებ:

„სოციალიზმი მხოლოდ კაპიტალიზმის ალტერნატივა არ არის, იგი ყველა იმ სისტემის ალტერნატივაა, რომელშიც ადამიანს, როგორც ჰუმანურ არსებას, შეუძლია იარსებოს”.

 

კომენტარები