2007 წლის აპრილი ამერიკაში

2007 წლის აპრილს რესურს ბანკის შეხვედრა კოლორადო სფრინგზში გაიმართა. უკან გზაზე ვაშინგტონში ჩიკაგოს გავლით მივფრინავდი და ბალტიმორის აეროპორტში, ნაშუაღამევს ჩავედი. ტრანსპორტის ნასახი არ იყო და პირველივე შემოთავაზება მივიღე დარეზერვებული შატლისგან, რომელმაც ჯერ საკუთარი კლიენტები მიიყვანა და შემდეგ ჩემს გზას გაუყვა.

* * *
იმ წელს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის რეიტინგი ძალიან შემცირდა და ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა. სიტყვა „კრიტიკა” ვერ ასახავს მის მიმართ მედიის და ხალხის მაშინდელ განწყობას. მიუხედავად ბევრი დამსახურებისა, მას ბევრი შეცდომაც ჰქონდა და დღემდე ბევრს სჯერა, რომ აშშ-ში არსებული კრიზისი მის გამო დაიწყო. მიუხედავად იმისა, როგორ აფასებდით პიროვნულად მის წინა პრეზიდენტს – ბილ კლინტონს, მის დროს სახელმწიფო ხარჯები მცირდებოდა, ისევე როგორც სახელმწიფო ვალი და დეფიციტი. რამდენიმე წელს ბიუჯეტს გადაჭარბებაც კი ჰქონდა.

ამის შემოწმება ძალიან რთულია, თუმცა მეც სხვებთან ერთად ვთვლი, რომ ისეთ დიდ ეკონომიკაში, როგორც ამერიკულია, ეკონომიკური პოლიტიკის შედეგები ქვეყნის განვითარების სისწრაფეზე 5-10 წლით გვიან აისახება და კლინტონის წარმატების საფუძველი, შესაძლებელია, რეიგანის ეკონომიკურ პოლიტიკაში უნდა ვეძიოთ, ისევე, როგორც ბუშის წარუმატებლობა – საკუთარ პრობლემებთან ერთად, შესაძლებელია, კლინტონის შეცდომებმა განაპირობა. ძნელია თქმა.

რაც კარგი იყო ამერიკაში 90-იან წლებში – ფედერალური მთავრობის ხარჯების თანაფარდობა მშპ-ს მიმართ შემცირდა 23%-დან 18%-მდე; ბუშმაც მოახერხა მისი 20%-ის ფარგლებში შენარჩუნება, მაგრამ ობამამ იგი 25%-ზე ზემოთ ასწია. იხილეთ გრაფიკი:

აშშ ფე­­დე­­რა­­ლუ­­რი მთავ­­­რო­­ბის ხარ­­­ჯე­­ბი 1960-2011 წლებ­­­ში
ფოტო: Wall Street Journal, Office of Management and Budget
ბევრ მკითხველს ალბათ კარგად ახსოვს ობამას მთავრობის პირველი ნაბიჯები, დისკუსიები 750 მილიარდიან ან მერე ერთტრილიონიან ბეილაუთზე. ისიც კარგად გვახსოვს, რომ ამ ფულის წყაროდ მაშინ მთავრობამ საკუთარი მოსახლეობის ჯიბეები აქცია, გააუფასურა რა მათი მწვანე კუპიურები. ვინც აშშ-ში ხშირად დადის, ადვილად შენიშნავდა, მაგალითად, ტრანსპორტის საფასურის მკვეთრ ზრდას და ამავდროულად მომსახურების გაუარესებას.

აშშ-ში შექმნილი მდგომარეობა დღეს ასე გამოიყურება (წყარო, CIA Factbook, Wikipedia)

1. უმუშევრობა – 9.2%
2. საერთო სამთავრობო ხარჯი მშპ-სთან მიმართებაში – 41%
3. სახელმწიფო ვალი მშპ-სთან – 61%
4. ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი – 10.8%

უარესი მდგომარეობა აშშ-ს, 1930 წლის შემდეგ არ ახსოვს. ფრანკლინ რუზველტის მსგავსად, მთავრობა ცდილობს ფულის ინექციით გამოასწოროს მდგომარეობა. იმის დემონსტრირებისათვის, თუ როგორ აისახა ეს ბაზარზე, იხილეთ გრაფიკი:

ოქროს ფასი ლონდონისა და ნიუ იორკის ბირჟებზე, 1960-2011 უნცია დოლარებში
ფოტო: www.kitco.com
გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება 2000-2008 და 2008-2011 პერიოდებს. ოქროს ფასი სწრაფად იზრდებოდა, მაგრამ, განსაკუთრებით ობამას პერიოდში. ბუშის დროს ოქროს ფასი 8 წელიწადში 2.5-ჯერ გაიზარდა, ხოლო ობამას 3 წლის პერიოდში – უკვე 2-ჯერ. ეს მოვლენა ძირითადად ამერიკის ფედერალური რეზერვისა და დოლარის მიმართ უნდობლობას უნდა მიეწეროს, ბოლო ხანებში არა მხოლოდ ძვირფასი ლითონები და ნავთობი გაძვირდა, ევროს კურსი დოლართან საგრძნობლად გაიზარდა, თუმცა ევროს ზონაშიც ეკონომიკური სიჯანსაღისაგან საკმაოდ შორს არიან.

შემდეგ გრაფიკზე, რომლის წყარო ვიკიპედიაა, კარგად ჩანს აშშ საჯარო ვალის დინამიკა 1930 წლის შემდეგ.

ვერტიკალზე გამოსახულია საჯარო ვალის მიმართება მშპ-სთან პროცენტებში (შავი ფერით აღნიშნულია ქვეყნის მთლიანი ვალი, ხოლო წითლით საჯარო ვალი). როგორც კარგად ჩანს ამ გრაფიკზე, საჯარო ვალმა მშპ-ს 60%-ს მხოლოდ მე-2 მსოფლიო ომის დროს გადააჭარბა.

* * *
იმ ღამით ბევრმა თვითმფრინავმა დაიგვიანა და მძღოლს ტელეფონით სთხოვეს აეროპორტში მიბრუნებულიყო, რამაც ჩემდა გასაოცრად მისი მწვავე რეაქცია გამოიწვია. კითხვაზე, თუ რა ხდებოდა (მე ვიფიქრე, რომ მანქანა გაუფუჭდა), მიპასუხა, რომ მთელი დღე მუშაობით დაიღალა და აღარ უნდოდა წასვლა.

ცოტა ხნის შემდეგ მძღოლმა ისევ გააგრძელა ბუზღუნი, ვიფიქრე საქმე ხომ არ ჩავუშალე-მეთქი (ქართული გამოცდილებიდან გამომდინარე) – პასუხი კიდევ უფრო საინტერესო იყო: „რა ქვეყანაა ეს – არავინ მეხმარება”-ო. ამან საბოლოოდ გამომაფხიზლა. უცებ გამოვკითხე, რა დახმარებას გულისხმობდა და ჩავეძიე: „კი მაგრამ, თუ დახმარება გინდა, ევროპაში ვერ წახვალ? ვინმე გიშლის?” აქ გაირკვა, რომ მძღოლი, რომელიც შავი იყო და ამიტომაც ავტომატურად ამერიკელად ჩავთვალე, ნიდერლანდელი იყო, რამაც კიდევ უფრო გამაკვირვა: „ხო მაგრამ, ვერ დარჩი შენს ქვეყანაში, იქ ხომ ბევრს ეხმარებიან?” ვკითხე და მთელი ისტორია მოვისმინე, როგორ ვერ პოულობდა სამსახურს ნიდერლანდებში, შემდეგ ბრიტანეთში გადავიდა, იქაც გაიჭედა... შემდეგ ამერიკაში ჩამოვიდა.

გაირკვა ისიც, რომ ამერიკაში სამსახურის მოძებნა არ უჭირდა – „ერთი კვირა რომ არ შევეხმიანო, მერე სულ მეხვეწებიან, მოდი ჩქარა, საქმე გვაქვსო”, თქვა და ცოტა ყოყმანი შეეტყო – რამდენად სწორი იყო მისი წუწუნი. აქ მე წავუჭირე და ბოლომდე ჩავეძიე: „შენ იცი ის დახმარება საიდან მოდის?” და თვითონვე ვუპასუხე: „შენისთანავე გადასახადის გადამხდელებისაგან – შენ ხარ მცირე მესაკუთრე და შენ რასაც გადაიხდი, იმაზე მეტს მთავრობა ვერ მოგცემს. მოგწონს? ახლა შენ აირჩიე, ან ევროპაში წადი და დახმარება მიიღე და ან დარჩი ამ ქვეყანაში და აკეთე ფული”.

მცირე ყოყმანის შემდეგ აღიარა, რომ მეტი გადასახადის გადახდის მომხრე მაინცდამაინც არ იყო, მაგრამ დახმარების მიღებაზე უარს მაინც არ ამბობდა. თუმცა, ჩვენი მგზავრობა მალე დასრულდა და ფულს რომ ვუხდიდი, პატიოსნად მითხრა, კარგი გაკვეთილი იყოო.

ამ მოთხრობას ვინც წაიკითხავს, თუ კითხვა გაუჩნდება ახლა ნეტავ რას შვება ის მძღოლიო, მე ასე მგონია: ახლანდელი მდგომარეობა რთულია, არჩევანი შემცირდა, ამერიკა აღარ არის დიდი შესაძლებლობების ქვეყანა, რისთვისაც ყველა იქით მიილტვოდა ბოლო ორი საუკუნე. მაინც მჯერა, რომ ის ბიჭი ალბათ ისევ იქაა, რადგან სხვები უკეთესს მაინც არ სთავაზობენ. თვითონ შეადარეთ.

ევროკავშირი:

1. უმუშევრობა 9.5%
2. საერთო სამთავრობო ხარჯი მშპ-სთან მიმართებაში – 50.7%
3. სახელმწიფო ვალი მშპ-სთან – 85%
4. საერთო ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-სთან – 5.6% (ევროზონა)

კომენტარები