არჩევნები 2020

გიგაური: კობახიძე ცრუობს და NGO-ების დისკრედიტაციას ცდილობს, TI-ს PVT არ ჩაუტარებია

ტაბულა

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის თქმით, ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე ცრუობს, როცა ამბობს, რომ არჩევნების შედეგების პარალელური დათვლა ISFED-თან ერთად TI-მაც ჩაატარა. 

მისივე თქმით, კობახიძის განცხადებები NGO-ების დისკრედიტაციის მცდელობაა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს არ ჩაუტარებია PVT. ეს არის ტყუილი და მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა ჩვენი ორგანიზაციის და არამხოლოდ ჩვენი ორგანიზაციის, არამედ მთლიანად სამოქალაქო სექტორის... ეს იყო არჩევნები, რომელიც ყველაზე უარესი იყო ქართული ოცნების პირობებში და ნუ აბრალებენ არასამთავრობო სექტორს ამ რაღაცებს". – ამბობს ეკა გიგაური. 

14 დეკემბერს, ირაკლი კობახიძემ ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ არჩევნების PVT  საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ 400 უბანზე ჩაატარა, მაგრამ მისი შედეგები არ გამოაქვეყნა, რადგან ცესკოს შედეგებს დაემთხვა. 

სამართლიანი არჩევნების (ISFED) ცნობით, შიდა აუდიტით გამოვლინდა ხარვეზი არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის მეთოდოლოგიის (PVT) საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში, რომლის შედეგადაც ქართულ ოცნებას არჩევნებზე ხმების 45.8%-ის ნაცვლად 47.6% აქვს. სამართლიან არჩევნებში აცხადებენ, რომ ეს სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე, ხოლო არჩევნების დაბალი სტანდარტით ჩატარება კვლავ გამოიხატება საარჩევნო უბნების ოქმების 8%-ში აღმოჩენილ დისბალანსში.

 

კომენტარები