არჩევნები 2020

შსს: ბათუმში, მთავრობის სახლთან, აქციაზე 6 პირი დავაკავეთ

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან გამართულ საპროტესტო აქციაზე 6 პირი დააკავეს. ამის შესახებ ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს. უწყების ცნობით, დაკავებული აქტივისტები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.

დღეს, 13 დეკემბერს, აჭარის მთავრობის სახლთან გამართულ აქციაზე, მონაწილეები მთავრობის ხელმძღვანელთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, კონსტანტინე ანანიაშვილის თქმით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა დემონსტრანტებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.

ბათუმში ოპოზიციისა და მოქალაქეების საპროტესტო აქციები უკვე არაერთი კვირაა უწყვეტად მიმდინარეობს. ისინი აჭარის მთავრობის ხელმძღვანელ, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრასაც ითხოვენ. აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნები ახალი არჩევნების ჩატარება, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებაა. ისინი ასევე აპროტესტებენ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ 28 ნოემბრიდან დაწესებულ შეზღუდვებსაც.

კომენტარები