არჩევნები 2020

საფრანგეთი-გერმანია: დემოკრატიულ რეფორმებზე დისკუსიისთვის შესაფერისი ადგილი პარლამენტია

საფრანგეთი და გერმანია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მოუწოდებენ საქართველოს, დემოკრატიული რეფორმების გზაზე სვლა განაგრძოს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დემოკრატიულ რეფორმებზე დისკუსიისთვის შესაფერისი ადგილი პარლამენტია.

"საქართველოში ყველა პოლიტიკური ძალა თანხმდება, რომ საარჩევნო და სასამართლო სისტემის შემდგომი რეფორმები პოლიტიკური დღის წესრიგის შუაგულში დარჩეს. ასეთი დისკუსიისთვის პარლამენტი არის შესაფერისი ადგილი, ვინაიდან საპარლამენტო პროცესი გაამყარებდა როგორც მიღწეულ შედეგს, ისე მის განხორციელებას და, საბოლოო ჯამში - საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობას. გვსურს, ხაზი გავუსვათ ჩვენს მხარდაჭერას საერთაშორისო მედიატორების მიმართ ევროკავშირიდან და შეერთებული შტატებიდან. მათ მიერ საქართველოში ყველა პოლიტიკური პარტიის დახმარების მიზანი იყო კონკრეტული რეფორმის განხორციელება საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების მიზნით". – ვკითხულობთ განცხადებაში.

ქვეყნები ხაზს უსვამენ რეგიონალურ გამოწვევებს და საქართველოს მხარდაჭერის მზადყოფნას გამოთქვამენ.

"იმ დროს, როცა საქართველო მთელი რიგი რეგიონული გამოწვევების წინაშეა, მით უფრო მნიშვნელოვანია ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნება. საფრანგეთი და გერმანია მზად არიან, რომ, როგორც პარტნიორებმა, საქართველოს მხარი დაუჭირონ დემოკრატიის გზაზე, რომელიც მან აირჩია. აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონის რუსეთის ფედერაციასთან შემდგომი ეკონომიკური ინტეგრაციის შესახებ ახლახან გამართული მოლაპარაკებების კონტექსტში, კვლავ გამოვხატავთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში". – ნათქვამია განცხადებაში. 

11 დეკემბერს საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბა. ქართული ოცნების გარდა მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არცერთი პარტია არ დაესწრო. ოპოზიცია და ქართული ოცნება საერთაშორისო ფასილიტატორების ჩართულობით მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილეობენ. ოპოზიციის ნაწილი მოთხოვნების შესრულებამდე საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს. ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ ცესკოდან საარჩევნო სიები უკვე გამოითხოვა. სიები გამოითხოვეს: ენმ – ძალაერთობაშიამ, ევროპულმა საქართველომ, სტრატეგია აღმაშენებელმა, ლელომ და ლეიბორისტულმა პარტიამ.

კომენტარები