კორონავირუსი საქართველოში

"მომეცი, წავიყვან" - რუსთავის მერი შემოსავლის გარეშე დარჩენილი გარემოვაჭრის შვილზე

მთავარი

"მომეცი, წავიყვან ჩემთან". – ასე პასუხობს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა შემოსავლის გარეშე დარჩენილ ერთ-ერთ გარემოვაჭრეს, რომელმაც მერს ჰკითხა, თუ რა უნდა აჭამოს ახლა მის მცირეწლოვან შვილს, როცა დაწესებული შეზღუდვების გამო, შემოსავლის ერთადერთი წყარო დაკარგა. 

რუსთავში გარემოვაჭრეებმა ცენტრალური გზა გადაკეტეს, ისინი მუშაობის გაგრძელებას და მთავრობისგან ფულად დახმარებას ითხოვენ. 

"ორი თვით დამსვეს სახლში. გახარიამ იმ დღეს გამოაცხადა, იანვრის თვიდან 300-ლარიანი დახმარება ეკუთვნის იმათ, ვისაც სამი შვილი ჰყავსო, მე ორი შვილი მყავს, ვისაც ორი და ერთი ჰყავს, ჭამა არ უნდა? არანაირი იმედი არ მქონია, არც ახლა ვარ მაგათ იმედზე. არც არაფერი მითხრეს. ადამიანი [რუსთავის მერი] არ დამელაპარაკა . პასუხი არაფერზე არა გამცა". – ამბობს აქციის ერთ-ერთი წევრი. 

ე.წ. სტამბოლის ბაზართან რუსთავის მერი მივიდა, რომელსაც გარემოვაჭრეები ხმაურით დახვდნენ. მერმა ტერიტორია მალევე დატოვა, კონკრეტული პასუხი აქციის მონაწილეების მოთხოვნებზე კი არ გაუცია. 

26 ნოემბერს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ წარადგინა ახალ კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 2-თვიანი გეგმა, რომელიც მომდევნო თვეების განმავლობაში ზღუდავს, როგორც გადაადგილების, ისე მთელ რიგ ეკონომიკურ საქმიანობებს. 

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ იმუშავებს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები.

დამატებით რა შეზღუდვები დაწესდა ქვეყნის მასშტაბით – სრულად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები