აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატი

სირცხვილია: არველაძეს ხელი აქვს ნაღრძობი, მას პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან

სირცხვილია

მოძრაობა სირცხვილია აქტივისტ თათუშა არველაძეზე წერს, რომ მას ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას - სამართალდამცავი ორგანოს მუშაკისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

თათუშა არველაძეს დღეს, 28 ნოემბერს, გამართულ აქციაზე აქტივისტების დაკავების დროს პოლიციელებმა ხელი მოაყოლეს - მას ღია ჭრილობასთან ერთად, ხელი აქვს ნაღრძობი. 

"დღეს პარლამენტის უკან გამართულ საპროტესტო აქციაზე, პოლიციელებმა თათუშა არველაძეს ხელი მოაყოლეს მანქანაში. ღია ჭრილობასთან ერთად, მას ხელი აქვს ნაღრძობი. ორი კვირა უნდა ატაროს თაბაშირი.

რამდენიმე წუთის წინ თათუშას აცნობეს, რომ შსს მას ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავება.

მუხლი გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას." - წერია განცხადებაში. 

დღეს, 28 ნოემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და პარლამენტთან ევროპული საქართველოს წევრმა, ელენე ხოშტარიამ, ენმ-ძალა ერთობაშიას წევრმა, ხატია დეკანოიძემ და აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათ შენობებთან ნამგალი და ურო დახატეს. საპროტესტო აქცია აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას მოჰყვა. ელენე ხოშტარის თქმით, აბაშიძემ, კარასინთან ერთან, პრაქტიკულად, დაგმო 20 ივნისის მოვლენები.

აქციაზე ორი ადამიანი დააკავეს. მათ სამართალდამცველის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. მოგვიანებით, აქტივისტები გაათავისუფლეს. 

აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ "დადასტურდა ორმხრივი შემართება 2019 წლის ზაფხულის ცნობილი ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების გადალახვისათვის." თუმცა ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ შეხვედრაზე 2019 წლის მოვლენები ნახსენები არ ყოფილა და "ეს გახლავთ რუსეთის მხარის ინტერპრეტაცია".

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ასევე აღნიშნეს შემდეგი:

"იმედი გვაქვს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს რადიკალური წრეების მიერ აქტიურად გაჟღერებული რუსოფობიური რიტორიკა წარსულს ჩაბარდება, ხოლო საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალები ამომრჩევლებისგან მიღებულ ნდობის მანდატს ორმხრივი ურთიერთოებების ნორმალიზაციის პროცესის გასაგრძელებლად გამოიყენებენ".

კომენტარები