არჩევნები 2020

ერთპარტიული პარლამენტის შეკრების დღეს ოპოზიცია დეკლარაციას მოაწერს ხელს

ფორმულა/კადრი ვიდეოდან

ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებით, ერთპარტიული პარლამენტის შეკრების დღეს ისინი დეკლარაციას მოაწერენ ხელს. 

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიების განცხადებაში ეწერება, რომ არჩევნები არის გაყალბებული და ოპოზიციის მოთხოვნააა ახალი არჩევნების დანიშვნა, საარჩევნო ცვლილებები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ასევე, ბაქრაძის თქმით, პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ, დოკუმენტს ცალ-ცალკე მოაწერენ ხელს და მანდატზე უარს იტყვიან. 

"ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლური პოლიტიკური აქცია, რომლითაც დავანახვებთ ჩვენს მოსახლეობას, რომ ეს არჩევნები არის გაყალბებული, რომ საქართველომ, სამწუხაროდ, მიიღო ერთპარტიული პარლამენტი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება მხოლოდ 48%-იანი ქართული ოცნება და ოპოზიციური სპექტრი არის სრულიად ერთიანი და ჩვენი მთავარი მოთხოვნაა კრიზისის განმუხტვა გაზაფხულზე ახალი არჩევნების ჩატარების გზით". - ამბობს ბაქრაძე. 

ოპოზიციური პარტიები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. 

კომენტარები