მიხაილო თოდუას საქმე

"გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია" - EMC მიხაილოსთვის შინაპატიმრობის გამკაცრებას ასაჩივრებს

ტაბულა

არასამთავრობო ორგანიზაცია EMC საქალაქო სასამართლოს მიერ 11 ნოემბერს გამოტანილ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც DJ მიხაილოს შინაპატიმრობის რეჟიმი გაუმკაცრდა და ორი საათით გაეზარდა.

სასამართლომ გადაწყვეტილება პრობაციის ბიუროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მიიღო, სადაც წერია, რომ მუსიკოსმა არასაპატიო მიზნებით დაარღვია შინაპატიმრობის რეჟიმი და ორ დღეს - 13 და 17 ოქტომბერს ღამით სახლში არ იმყოფებოდა.

EMC წერს, რომ პრობაციის ბიუროს განცხადება არაზუსტია, ფაქტობრივი გარემოებები არასწორად არის დადგენილი და არ არის სათანადოდ დასაბუთებული.

"კანონმდებლობის თანახმად, შინაპატიმრობის რეჟიმის დარღვევად მიიჩნევა ისეთი შემთხვევა, თუკი მსჯავრდებული განზრახ არიდებს თავს მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობა საპატიოდ ჩაითვლება, თუკი ამის მიზეზი იყო სამსახურებრივი ან პროფესიული, ანდა სპორტულ, კულტურულ ან საგანმანათლებლო-სამეცნიერო საქმიანობასთან დაკავშირებული მივლინება, რასაც ადასტურებს შესაბამისი დოკუმენტი". - წერს EMC.

არასამთავრობო ორგანიზაცია წერს, რომ აღნიშნულ დღეებში DJ მიხაილო მართლაც არ იმყოფებოდა სახლში ღამის საათებში, თუმცა ეს არა მისმა გულგრილმა ან უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ გამოიწვია, არამედ პროფესიული საქმინაობის განხორციელების სურვილმა, რაც პრობაციის ბიუროსთვის წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტითაც დასტურდება.

"გასათვალისწინებელია ისიც, აქამდე მიხაილოს სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობა, პროფესიული საქმიანობის განხორციელება და ამ მიზეზით ღამის საათებში საცხოვრებელ ტერიტორიაზე არყოფნა არაერთხელ ჩაითვალა საპატიო გარემოებად. უფრო მეტიც, თავად პრობაციის ბიუროს უფროსი მიღებულ გადაწყვეტილებებში ხაზს უსვამდა, რომ მსჯავრდებულის მონაწილეობა სხვადასხვა მუსიკალურ ღონისძიებაში ხელს უწყობდა მისი რესოციალიზაციის პროცესს და მსჯავრდებულის პროფესიულ განვითარებას. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს წინა შემთხვევებისგან განსხვავებული გარემოება, პრობაციის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არსებითად დაუსაბუთებელი და კანონსწარინააღმდეგოა". - წერს EMC.

არასამთავრობო ორგანიზაცია მოითხოვს, რომ "პროფესიული განვითარება და მუსიკის დარგში საქმიანობა" საპატიო გარემოებად ჩაითვალოს.

"ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ დაუსაბუთებელი და უსამართლოა პრობაციის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც მიხაილოს 13 და 17 ოქტომბერს ღამის საათებში საცხოვრებელ ტერიტორიაზე არყოფნა არ ჩაეთვალა საპატიოდ. შესაბამისად, ასევე დაუსაბუთებელი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 11 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება მიხაილოს მიმართ შინაპატიმრობის რეჟიმის გამკაცრების თაობაზე". - წერს EMC.

მუსიკოსი, პროდიუსერი და დიჯეი, მიხაილო თოდუა, 2013 წლის სექტემბერში 12 გრამი MDMA-ს ფლობისთვის დააკავეს და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თოდუას საპროცესო შეთანხმება შესთავაზეს, თუმცა ოჯახმა თანხა ვერ გადაიხადა. 2019 წლის 11 ოქტომბერს იგი ვადაზე ადრე გაათავისუფლეს, თუმცა მას ელექტროსამაჯური გაუკეთეს და დარჩენილი სასჯელი შინაპატიმრობით შეუცვალეს.

მუსიკოსს სახლიდან გასვლა 08:00 საათიდან 21:00 საათამდე შეეძლო, მაგრამ იმისათვის, რომ სხვადასხვა ღონისძიებაზე დაეკრა, DJ ყოველთვის აფრთხილებდა შესაბამის უწყებებს და იღებდა სპეციალურ ნებართვას. ასე მოიქცა ის ოქტომბერში გირჩის მიერ ორგანიზებულ ერთ-ერთ ღონისძიებაზეც და სპეციალური ნებართვაც მიიღო, რომელიც მოგვიანებით პრობაციის სამსახურმა ვალიდურად არ ცნო, ვინაიდან ღონისძიება პოლიტიკური იყო. 

აქედან გამომდინარე, პრობაციის სამსახურმა მისთვის დარჩენილი 1.8 წლის შინაპატიმრობის ნაცვლად პატიმრობით შეცვლა მოითხოვა. 

11 ნოემბერს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით DJ მიხაილოს პატიმრობა არ მიესაჯა, თუმცა შინაპატიმრობა გაუმკაცრდა და 19:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე სახლიდან გასვლა აეკრძალა.

კომენტარები