არჩევნები 2020

ბურჯანაძე: ქვეყანა არის კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში, სწორ გზაზე დაყენება სჭირდება

ნინო ბურჯანაძე
democrats.ge

ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი, ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ ოპოზიციამ მიმდინარე პოლიტიკური პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე უნდა მიიყვანოს, რაც ხელახალ არჩევნებს გულისხმობს. მისი თქმით, ქვეყანა ახლა კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში იმყოფება და "რეაბილიტაცია" სჭირდება. 

ამის შესახებ ბურჯანაძემ Palitranews-ის ეთერში ილაპარაკა. 

მისივე თქმით, "თუ ოპოზიცია ხალხს იმედს გაუცრუებს და ივანიშვილს თამაშში ჩაჰყვება", ხალხი ქუჩაში მათ დასაცავად აღარ გამოვა. 

"საპრეზიდენტო ინსტიტუტი ხო გაგვინულა ბიძინა ივანიშვილმა, მთავრობა ვიცით, როგორც არის, პროკურატურა როგორ არის, სასამართლო როგორც არის, ეხლა პარლამენტს, პარტიებს და პოლიტიკურ სპექტრს საერთოდ მოკლავს, მერე გადმოვა ტელევიზიებზე, ოღონდ აღარ გამოვა ხალხი, არც ჩვენ და არც თქვენ დასაცავად და მართლებიც იქნებიან, იმიტომ, რომ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ გამოვიდნენ და ეხლა თუ ჩვენ, პარტიები ადამიანებს იმედს გავუცრუებთ და ჩავყვებით ივანიშვილს იმ თამაშში, რასაც ის ეწევა, ადამიანები აღარ გამოვლენ. 

ჩვენ უნდა მივიყვანოთ ეს პოლიტიკური პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე, რაც არის ხელახალი არჩევნები. ავირჩიოთ ნორმალური პარლამენტი. მრავალპარტიულმა მთავრობამ და პარლამენტმა დაიწყოს მუშაობა და ქვეყანა ჭკუაზე მოვიყვანოთ, იმიტომ, რომ ეხლა ქვეყანა არი პრაქტიკულად კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში, როცა, რაც ინსტიტუტებია, უბრალოდ არ არსებობს. ქვეყანას რეანიმირება სჭირდება და სწორ გზაზე დაყენება". – ამბობს ბურჯანაძე. 

გუშინ, 10 ნოემბერს გამოქვეყნდა გირჩის, ევროპული საქართველოს, ლელოს და სტრატეგია აღმაშენებლის ერთობლივი განცხადება, რომელშიც წერია, რომ მათი პოზიცია მყარია და "გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებას არ აპირებენ".

ოპოზიციური პარტიები აღნიშნავენ, რომ მზად არიან "გრძელვადიანი და მშვიდობიანი პროტესტისთვის". ოპოზიციის საერთო შეთანხმებით, პროტესტის შემდგომი ადგილი იქნება აქცია 14 ნოემბერს თბილისში. გარდა ამისა, 21 ნოემბერს, მეორე ტურების დროს, რომელშიც ოპოზიცია არ მონაწილეობს, ცოცხალი ჯაჭვი გაიმართება.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის თქმით, ენმ ამ განცხადებას უერთდება.

შეგახსენებთ, რომ 10 ნოემბრის დილით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, "სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკონონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად".

ამ განცხადებამ პარტიაშიც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და ენმ-ს წევრების ცნობით, გრიგოლ ვაშაძის განცხადება პარტიის ლიდერებთან და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებული არ ყოფილა.

მოგვიანებით გრიგოლ ვაშაძემ საკუთარ განცხადებასთან დაკავშირებით "დამატებითი განმარტება" გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, "მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს. პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი – სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით; სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება, არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ. ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო".

კომენტარები