კორონავირუსი საქართველოში

EMC: კომენდანტის საათის მიუხედავად, შეკრების უფლების შეზღუდვის საფუძვლები არ არსებობს

შსს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება მთავრობის დადგენილებით კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით 9 ნოემბრიდან ამოქმედებულ დამატებით შეზღუდვებს და მიაჩნია, რომ კომენდანტის საათის შემოღების მიუხედავად, შეზღუდვები არ უნდა გავრცელდეს თუნდაც შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებაზე.

"პრობლემურია ის ფორმალურ-სამართლებრივი გზა, რომლითაც შეზღუდვები დაწესდა დიდ ქალაქებში. გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს საფუძვლად დაედო "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონი, რომლის თანახმად, 2021 წლის 1 იანვრამდე მთავრობას ან მის მიერ განსაზღვრულ სამინისტროს მიენიჭა იზოლაციის ან კარანტინის წესის დადგენის და მის საფუძველზე კონკრეტული შემზღუდავი ღონისძიებების განსაზღვრის უფლებამოსილება.

ამ ჩანაწერით აღმასრულებელ ხელისუფლებას მიენიჭა ფართე უფლებამოსილება, საკანონმდებლო ორგანოს გარეშე, დახურული პროცესების შედეგად განსაზღვროს კონსტიტუციურ უფლებებში ჩარევის საფუძვლები და წესი. ამით მთავრობის ხელში სახიფათო და დაუბალანსებელი ძალაუფლება იყრის თავს, რომლის თვითნებურად გამოყენების რისკებიც სათანადოდ არაა დაზღვეული. სწორედ აღნიშნული უფლებამოსილების ფარგლებში დააწესა მთავრობამ კომენდანტის საათი და სხვა შეზღუდვები 9 ნოემბრიდან". - წერია EMC-ის განცხადებაში.

EMC-ის აზრით, კანონმდებლობაში არსებული ჩანაწერი და დამაზუსტებელი მაგალითები კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ ღონისძიების ეს სახე ზღუდავს საზოგადოებაში დამკვიდრებული თავშეყრის სხვადასხვა სახეს, ის არ სცდება სოციალური შეკრების ხასიათს და ერთმნიშვნელოვნად არ აქვს პოლიტიკური შინაარსი. ამ ღონისძიებით სახელმწიფოს არ აქვს უფლება, შეზღუდოს ნებისმიერი პოლიტიკური მოტივით ორგანიზებული, პოლიტიკური შინაარსის მქონე საზოგადოებრივი შეკრება.

"ნიშანდობლივია, რომ ამ სახის რეგულაციის დაწესების შესახებ საკოორდინაციო საბჭოს თავიდანვე არ განუცხადებია, როდესაც ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების შემოღების შესახებ დააანონსა. რაც ქმნის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ 8 ნოემბრის აქციაზე განვითარებული მოვლენების საფუძველზე, ხელახალი მასშტაბური პროტესტების პრევენციის მიზნით მიიღო.

ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არსებული საარჩევნო კონტექსტი. დაანონსებულ შეკრებას ცხადად პოლიტიკური მნიშვნელობა და მოტივი აქვს. საარჩევნო პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან ამ უფლებაში ჩარევა, მითუმეტეს, პირდაპირი საფუძვლების არარსებობის პირობებში, კიდევ უფრო მეტად ინტენსიური და გაუმართლებელი იქნება.

საარჩევნო კონტექსტი მხედველობაშია მიღებული თავად მთავრობის N322 დადგენილებითაც, რომლის თანახმად, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სამართავად შემოღებული ღონისძიებები არ ვრცელდება წინასაარჩევნო კამპანიაზე, რაც თავის თავში გულისხმობს მოსახლეობასთან შეხვედრებს, აგიტაციას, პოლიტიკური მიზნებით ადამიანების დიდ რაოდენობასთან კომუნიკაციას. დადგენილების ამ დათქმის გათვალისწინებით, მითუმეტეს ვერ იქნება გამართლებული საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული პროტესტის შეკრების გზით საჯაროდ გამოხატვის გამორიცხვა". - წერს EMC.

EMC მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს ადამიანთა კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების თავისუფლებით განუხრელად დაცვა და არ დაუშვას 22 საათის შემდგომ მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების მიმართ საპოლიციო ძალის გამოყენება.

კომენტარები