საფრანგეთი

მაკრონი: რადიკალურად უნდა გადავხედოთ შენგენის ზონას, რათა საერთო სასაზღვრო დაცვა გაძლიერდეს

ემანუელ მაკრონი
AFP

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ საფრანგეთი საზღვრებზე პოლიციის და სამხედროების რაოდენობას გააორმაგებს და მხარს დაუჭერს შენგენის შეთანხმების გადახედვას იმისათვის, რომ უსაფრთხოების კონტროლის მექანიზმები გამკაცრდეს.

"ჩვენ რადიკალურად უნდა გადავხედოთ შენგენს და ხელახლა გავიაზროთ მისი მოწყობა იმისათვის, რომ ჩვენი საერთო სასაზღვრო დაცვა გაძლიერდეს რეალური უსაფრთხოების პოლიციის ძალით გარე საზღვრებზე. ასევე უნდა გაძლიერდეს ჩვენი წესების ინტეგრაცია და იმ მინისტრების ერთობლივი მუშაობა, რომელთაც შინაგან საქმეთა და უშიშროების საკითხები აბარიათ. ჩვენ ვიცით, როგორ გავაკეთოთ ეს ვალუტაზე. იგივე უნდა გავაკეთოთ უსაფრთხოებაზე. ეს გადაწყვეტილებები ჩვენი გეგმის ნაწილია, რომელსაც ბოლო 3 წელია, ვახორციელებთ. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ საფრთხე ევოლუციას განიცდის, უნდა გავითვალისწინოთ თავდასხმები, რომლებიც საფრანგეთში და ავსტრიაში მოხდა". - თქვა მაკრონმა.

საფრანგეთი ამ შემოთავაზებას დეკემბერში ევროპული საბჭოს სხდომაზე წამოაყენებს.

ოქტომბერში საფრანგეთში ორი ტერორისტული თავდასხმა მოხდა. 29 ოქტომბერს ტუნისელი კაცი საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მყოფ პირებს დანით დაესხა თავს და 3 ადამიანი მოკლა. თავდამსხმელის გარდა დაკავებულია კიდევ 2 პირი. 17 ოქტომბერს პარიზში ისლამისტმა თავდამსხმელმა მასწავლებელს თავი მოჰკვეთა, თავდამსხმელი კი პოლიციამ მოკლა. მსხვერპლი ისტორიის მასწავლებელი იყო, რომელმაც საკლასო ოთახში წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურა აჩვენა. 3 ნოემბერს კი ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ტერორისტმა 4 პირი მოკლა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

"არალეგალურ იმიგრაციასთან საბრძოლველად პოლიციელების და ჯარისკაცების რაოდენობას 2 400-დან 4 800-მდე გავზრდით. ისლამური ტერორიზმის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა ნიშნავს ტრეფიკინგის ქსელის წინააღმდეგ ბრძოლას, რომელსაც ტერორიზმთან კავშირი აქვს და ზოგჯერ თავად არიან ტერორისტები". - თქვა მაკრონმა.

კომენტარები