Facebook

Facebook-მა ალტ-ინფოსთან და პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებული ანგარიშები წაშალა

Reuters

Facebook განცხადებას ავრცელებს გასულ თვეს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, არაავთენტური, კოორდინირებული ქცევის გამო ანგარიშების წაშლის თაობაზე. განცხადებაში ნათქვამია, რომ სოციალური ქსელიდან დაიბლოკა ალტ-ინფო. ასევე წაიშალა ორ პოლიტიკურ პარტიასთან, პარტიოტთა ალიანსთან და ქართულ არჩევანთან დაკავშირებული გვერდები.

"ჩვენ წავშალეთ 50 ანგარიში, 49 გვერდი, 4 ჯგუფი, 8 ღონისძიება და ინსტაგრამის 19 ანგარიში, რომელიც დაკავშირებული იყო ალტ-ინფოსთან. ისინი მოქმედებდნენ საქართველოში და სამიზნეს წარმოადგენდნენ ადგილობრივი მომხმარებლები. ამჟამად ალტ-ინფო Facebook-ზე აკრძალულია. ეს ქსელი აღმოვაჩინეთ რეგიონში არაავთენტური კოორდინირებული ქმედებების გამოძიებისას. შეფასებისას გამოვიყენეთ არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ის ანგარიშები". - ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ ანგარიშებს:

"ჩვენ წავშალეთ 54 ანგარიში, 14 გვერდი, 2 ჯგუფი და ინსტაგრამის 21 ანგარიში, რომლებიც დაკავშირებული იყო ორ ქართულ პოლიტიკურ პარტიასთან - პატრიოტთა ალიანსთან და ქართულ არჩევანთან. ისინი საქართველოში მოქმედებდნენ და სამიზნეს წარმოადგენდა ადგილობრივი აუდიტორია. ეს ქსელი აღმოვაჩინეთ ISFED-ის და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო საზოგადოების მიერ გამოქვეყნებული ანგარიშების განხილვის შედეგად". - ვკითხულობთ განცხადებაში.

Atlantic Council DFRLab-ის მიხედვით, ანგარიშები 31 ოქტომბრის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე წაიშალა. მათი კვლევის მიხედვით, ღიად პრორუსული, ულტრამემარჯვენე პარტია პატრიოტთა ალიანსი ამ ქსელის მეშვეობით ცდილობდა, ანტიდასავლური დღის წესრიგის გატარებას და პროდასავლური ოპოზიციის და საქართველოს დასავლელი პარტნიორების დისკრედიტაციას. DFRLab-ის მიხედვით, პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებული გვერდები ასევე აქებდნენ ქართულ ოცნებასაც. ასევე, წაშლილ გვერდებს კავშირი აქვთ პროსახელისუფლებო არხ PosTV-სთან.

შეგახსენებთ, რომ Facebook-მა საკუთარი პლატფორმიდან არაავთენტური, კოორდინირებული ქცევისთვის ქართული ანგარიშები პირველად 2019 წლის 20 დეკემბერს წაშალა. ამავე დღეს გავრცელებულ განცხადებაში სოციალური ქსელის გიგანტი პირდაპირ წერდა, რომ ეს ანგარიშები დაკავშირებული იყო ქართული ოცნების ხელისუფლებასა და სარეკლამო კომპანია პანდასთან.

მოგვიანებით, 2020 წლის მაისში Facebook-მა ქართული ანგარიშების ორი დიდი ქსელი წაშალა, რომელთაგან ერთი ქართული ოცნების PR კონსულტანტ კოკა ყანდიაშვილის მედია ეSპერსონასთან იყო დაკავშირებული და, ჯამში, 790 ანგარიშს მოიცავდა. მეორე ქსელი კი უკავშირდებოდა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას – ამ ქსელის ფარგლებში პლატფორმიდან 154 ქართული ანგარიში გაუქმდა.

კომენტარები