მარნეული

შსს: მარნეულში დედა-შვილის მკვლელობისთვის მამა და 16 წლის შვილი დავაკავეთ

Tabula

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულში დედა-შვილის მკვლელობისთვის მამა და 16 წლის შვილი დააკავეს. 

შსს-ს ცნობით, დაკავებულია 1982 წელს დაბადებული ა.რ. და 2004 წელს დაბადებული მ.რ.

"ბრალდებულებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლოლალოში, მეზობლად მცხოვრებ დედა-შვილს - 1981 წელს დაბადებულ ზ.ბ.-ს და 1997 წელს დაბადებულ ა.რ.-ს, წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, მათივე საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღებიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს. პოლიციამ ორივე ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღები - სანადირო თოფები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს". – წერია განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, დამამძიმებელ გარემოებებში ორი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები