ავტოსაგზაო შემთხვევა

POG: გურჯაანში ავარიას 14 წლის მოზარდი ემსხვერპლა, დაკავებულია თელავის უბნის ინსპექტორი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში ავარიას 14 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.

პროკურატურის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი რ.მ. დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 3 ნოემბერს გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე საკუთარი ავტომანქანით მოძრავი რ.მ. შეეჯახა მოპედს, რომელსაც 14 წლის მოზარდი მართავდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოპედის მძღოლი გარდაიცვალა, ხოლო მისი მგზავრი, 9 წლის მოზარდი მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

უწყება აცხადებს, რომ გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, დაინიშნა სხვადასხვა სახის ექსპერტიზები, მათ შორის, დაკავებული პირის სიმთვრალე-სიფხიზლის დადგენის მიზნით.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმ პირის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) მიმდინარეობს.

კომენტარები