არჩევნები 2020

რატომ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ტაბულა პოლიტიკური ლიდერების წერილების სერიას გთავაზობთ. ჩვენ მათ ვთხოვეთ, წერილში ეპასუხათ, რა მოხდება, თუ ქართული ოცნება მესამე ვადით დარჩება ხელისუფლებაში.

ბევრი მიზეზია, თუ რატომ უნდა მოხდეს აუცილებლად ხელისუფლების ცვლილება 31 ოქტომბერს. რამდენიმეს ჩამოვთვლი, რომელიც უცბად მოსდის პოლიტიკით დაინტერესებულ ადამიანს თავში:

ოცნების მმართველობის 8 წლის თავზე, ქვეყნის ეკონომიკა კატასტროფის ზღვარზეა – ეკონომიკური ზრდის ტემპი, რომელიც ისედაც დაბალი იყო, პანდემიის პირობებში მინუსებში გადავიდა; ინვესტიციები აღარ შემოდის; ფასები იზრდება; მთავრობის ვალი საგანგაშო ნიშნულს მიუახლოვდა.

ეს ყველაფერი ოცნების მიერ ბრალდება - "საგარეო შოკებს", "პანდემიას", "რეგიონში არსებულ რთულ ვითარებას" და ა.შ. მეტიც, პირადად ივანიშვილი ამ პრობლემებს საერთოდ არ აღიარებს და ყოველ იშვიათ გამოჩენაზე რიხით საუბრობს იმაზე, თუ რა მასშტაბის ეკონომიკურ წარმატებას მიაღწია მისმა მთავრობამ. ძალიან გულუბრყვილო ან სულელი უნდა იყოს ადამიანი, რომ დაიჯეროს, თითქოს ქართულ ოცნებას დარჩა ან აღმოაჩნდება რაიმე რესურსი იმისათვის, რომ მოატრიალოს ქვეყნის ეკონომიკა და დააყენოს ის განვითარების გზაზე. ოცნების ხელისუფლებაში დარჩენა ნიშნავს, სიღარიბის წუმპეში დარჩენას.

ოცნება უკვე ორი ვადაა, რაც ხელისუფლებაშია. თუ რამის გაკეთება შეეძლოთ, ამის ყველანაირი შესაძლებლობა ჰქონდათ. მესამე ვადით ამ გაზულუქებული ხალხის ხელისუფლებაში დატოვება ნიშნავს მათ კიდევ უფრო მეტად გათავხედებას და მათთვის განცდის გაჩენას, რომ ისინი კიდევ დიდხანს შეძლებენ ჩვენთვის წართმეული ფულის ბიუჯეტიდან ჭამას. მეტიც, მესამე ვადით ოცნების ხელისუფლებაში დატოვება პირადად ივანიშვილს გაუჩენს განცდას, რომ აქ, ამ ქვეყანაში შესაძლებელია თურქმენეთის მოწყობა, რადგან მიუხედავად მისი მთავრობის 8-წლიანი უსაქმურობისა და მავნებლობისა, ძალაუფლება და ფული მას ყოველთვის მისცემს შესაძლებლობას დარჩეს ქვეყნის მართვის სადავეებთან. ოცნების ხელისუფლებაში დარჩენა ნიშნავს მმართველი მუქთახორების მეტად "გაბლატავებას".

ივანიშვილის ხელისუფლება გადასულია ძალაუფლების შენარჩუნების რეჟიმში. ეს ნიშნავს სტიმულების გაუკუღმართებას. პოლიტიკა ნებისმიერ სფეროში ემსახურება არა ამ სფეროში მდგომარეობის გაუმჯობესებას, არამედ პოლიტიკური დივიდენდების, და საბოლოო ჯამში საარჩევნო ხმების მოტანას. რაოდენ ნათელიც არ უნდა იყოს, რომ ბიუჯეტის ფულის ყრა სპორტში, სოფლის მეურნეობაში, ბიზნესის "ხელშეწყობაში", კულტურაში და ა.შ. მხოლოდ ნეგატიური შედეგის მომტანია, ეს პროცესი მაინც გაგრძელდება, რადგან ამ ფულის ხარჯვის რეალური მიზანი პოლიტიკური სარგებლის მიღებაა და არა ქვეყნის განვითარება. ოცნების ხელისუფლებაში დარჩენა ნიშნავს საჭირო და მტკივნეულ რეფორმებზე უარის თქმას.

ივანიშვილის მსახურების დატოვება ხელისუფლებაში ნიშნავს ჩვენი, ამ ქვეყნის მოქალაქეების წარმოჩენას ჩვენი პარტნიორი ქვეყნების და მათი მოქალაქეების თვალში, როგორც უუნარო ჩმორების, რომლებიც არ იმსახურებენ პატივისცემასა და ღირსეულ დამოკიდებულებას სხვა ქვეყნების და მოქალაქეების მხრიდან. ის, რაც ივანიშვილმა გააკეთა პროპორციული არჩევნების დაპირებითა და შემდეგ გადაგდებით, არ შეიძლება, უბრალოდ გაატარონ თავმოყვარე ქვეყნის თავმოყვარე მოქალაქეებმა. ოცნების დატოვება ხელისუფლებაში ნიშნავს უთავმოყვარეო, უპრინციპო, მონა საზოგადოების იმიჯის შექმნას, რომელსაც სერიოზულად არავინ შეხედავს.

ივანიშვილმა საბჭოთა წარსულიდან დააკოპირა მმართველობის ფორმა, რომელიც გულისხმობს ქვეყნის ერთპიროვნულ მართვას ყოველგვარი არჩევითი თანამდებობის გარეშე, ზუსტად ისე, როგორც ამას აკეთებდნენ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნები. მმართველობის ეს ფორმა შეიძლება, ეფექტურიც იყოს ძალაუფლების შენარჩუნების თვალსაზრისით, მაგრამ ის გამორიცხავს ქვეყნის განვითარებას. არავინ, არცერთი სერიოზული ინვესტორი არ ჩადებს ფულს ქვეყანაში, სადაც ურთიერთობები უნდა "დაალაგო" ქვეყნის არაფორმალურ მმართველთან და პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში საქმე გაარჩიო ისევ იმ მმართველთან, ნაცვლად დამოუკიდებელი სასამართლოსი. ოცნების დატოვება ხელისუფლებაში ნიშნავს უარს ინვესტიციებზე და, შესაბამისად, სწრაფ განვითარებაზე.

ოცნების მმართველობის ერთერთი ყველაზე თვალშისაცემი გამოხატულებაა არჩევით თანამდებობებზე ისეთი ადამიანების არჩევა, რომლებსაც ამის არანაირი შანსი არ ექნებოდათ არასდროს, რომ არა ივანიშვილის გავლენა და ფული. ასეთი იყო ნარმანია, ასეთი იყო მარგველაშვილი, ასეთია ზურაბიშვილი და ასეთია ოცნების ახალი სრული საპარლამენტო სია. ამ ხალხს მხოლოდ ბილბორდებსა და ბანერებზე ვხედავთ, ისინი არ გველაპარაკებიან, არ მონაწილეობენ პოლიტიკურ დებატებში, არ ატარებენ რეალურ საარჩევნო კამპანიას, რადგან ზუსტად იციან რომ მათი გამარჯვების ფრონტის ხაზი გადის არა მათ ცოდნაზე, უნარებზე, პოლიტიკურ კაპიტალზე ან შრომისმოყვარეობაზე, არამედ ბიძინას ფულზე და იმ ძალაუფლების წერტილებზე, რომლებსაც დღეს ბიძინა აკონტროლებს. დემოკრატია ასე არ მუშაობს. დემოკრატია პირველ რიგში ლაპარაკი და კამათია. ოცნების დატოვება ხელისუფლებაში ნიშნავს პოლიტიკური პროცესის კიდევ უფრო მოკვლას და მორიგ ჯერზე დადასტურებას რომ უპრობლემოდ შეგვიძლია სინდისის ფულზე გაყიდვა.

კიდევ შეიძლება სიის გაგრძელება, მაგრამ დიდი აზრი არ აქვს.

ყველა ამ მიზეზის გამო, ოცნება უნდა შეიცვალოს ნებისმიერ შემთხვევაში. სულ რომ სრული იდიოტები მოდიოდნენ პარლამენტსა და მთავრობაში ოპოზიციის სახით, 31-ში მაინც უნდა მოხდეს ხელისუფლების ცვლილება არჩევნების გზით. მხოლოდ ასე შევძლებთ იმის დემონსტრირებას, რომ ჩვენ, როგორც საზოგადოება გავიზარდეთ, დემოკრატია საქართველოში მუშაობს, ვერავინ ვერასოდეს შეძლებს ამ ქვეყანაში ძალაუფლების ყველა წერტილის ერთ ხელში კონცენტრირებას და, შესაბამისად, ჩვენ, როგორც ქვეყანა, შეიძლება ვიყოთ სანდო პარტნიორი. მხოლოდ ასე შეიძლება გავაჩინოთ სიღარიბიდან ამოსვლის, სწრაფი განვითარებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის შანსი.

ზურაბ ჯაფარიძე – გირჩის ლიდერი; ოპოზიციის საერთო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში. 

კომენტარები