კორონავირუსი საქართველოში

Covid19-ით ინფიცირებული 12 616 ადამიანი ბინაზე მკურნალობს, 2 249 სასტუმროებში, 3 832 – კლინიკებში

Gulf News

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 3 832 ადამიანი კლინიკებში მკურნალობს, 2 249 Covid-სასტუმროებში, ხოლო 12 616 - ბინაზე. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ თქვა. 

სულ ქვეყანაში კორონავირუსის 18 692 აქტიური შემთხვევაა.

ჰოსპიტალიზებული პაციენტებიდან 1 969 თბილისში მკურნალობს, ხოლო 647 - აჭარაში. მათგან 401 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, 117 პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

26 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში სულ COVID-19-ით ინფიცირების 30 303 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 11 370 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 215 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში სულ ინფიცირების 18 718 აქტიური შემთხვევაა. აქედან 2/3-ზე მეტი ბინაზე ან Covid-სასტუმროებში მკურნალობს.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები