სპეცოპერაცია ზუგდიდში

EMC ზუგდიდზე: მსგავსი შემთხვევები საფრთხეს უქმნის რიგითი მოქალაქეების უსაფრთხოების განცდას

ადამიანის უფლების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) გუშინ, 21 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდასხმასა და მძევლების აყვანას ეხმაურება. 

"უპირველეს ყოვლისა, EMC სოლიდარობას უცხადებს ინციდენტში მონაწილე მოქალაქეებსა და მათი ოჯახის წევრებს; აგრეთვე აფასებს სამართალდამცავების მიერ გაწეულ ძალისხმევას, რათა მძევლად აყვანილი თითოეული მოქალაქე უვნებლად და მშვიდობიანად გადარჩენილიყო. მისასალმებელია, რომ სახელმწიფომ ამ ინციდენტში არჩევანი გააკეთა მძევლად აყვანილი მოქალაქეების სიცოცხლის სასარგებლოდ და არ გაზარდა მათი უსაფრთხოების ხელყოფის რისკები, დამნაშავის დაკავების ინტერესით. 

ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ მსგავსი ექსტრემალური შემთხვევები სერიოზულ საფრთხეს უქმნის რიგითი მოქალაქეების უსაფრთხოების განცდას და საზოგადოებრივ წესრიგს ქვეყანაში. შესაბამისად, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, უმოკლეს დროში უზრუნველყოს თავდამსხმელის დაკავება და მის მიმართ სამართლებრივი პროცესების წარმართვა." - წერია განცხადებაში. 

EMC-ს განცხადების მიხედვით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია; 

  • აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება წარიმართოს მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად. თავდამსხმელი პირის მიმართ პოლიციის მიერ გამოყენებული იყოს პროპორციული და გონივრული ძალა იმ დათქმით, რომ საფრთხე არ შეექმნება სამართალდამცავების თუ რიგითი მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას;
  • შესაბამისმა ორგანოებმა და უპირველეს ყოვლისა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, უზრუნველყონ მოსახლეობის სათანადოდ ინფორმირება გატარებული ღონისძიებების და გამოძიების მსვლელობის თაობაზე იმ დათქმით, რომ ამით გამოძიების ეფექტიანობას საფრთხე არ შეექმნება; აღნიშნულ შემთხვევაზე საზოგადოებაში მაღალი საჯარო ინტერესი არსებობს, ამავდროულად, მსგავსი ფაქტები მნიშვნელოვნად ამცირებს მოქალაქეების დაცულობის განცდას და ამის საპირწონედ, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, რა ზომებს ატარებს სახელმწიფო;
  • პოლიტიკოსებმა, საჯარო პირებმა და მედიასაშუალებებმა თავი უნდა შეიკავონ ამ ფაქტის პარტიულ ჭრილში გადატანისგან, რათა კიდევ უფრო არ დამძიმდეს ქვეყანაში პოლიტიკური ფონი, განსაკუთრებით წინასაარჩევნო კონტექსტში;
  • სამართალდამცავმა უწყებებმა მეტი აქცენტი გააკეთონ სამომავლოდ მსგავსი ფაქტების თავიდან აცილებაზე და ამ მიზნით შეიმუშაონ დანაშაულის პრევენციის სისტემური ხედვები.  

შეიარაღებული პირი საქართველოს ბანკის ფილიალში გუშინ, 21 ოქტომბერს, დღისით შეიჭრა. მან ბანკის თანამშრომლები და ადგილზე მყოფი მოქალაქეები მძევლებად აიყვანა.  

მოგვიანებით ერთ-ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია, დამნაშავის დავალებით მედიას დაუკავშირდა. კვარაცხელიამ თქვა, რომ ოთახში, რომელშიც დამნაშავესთან ერთად იმყოფებოდა, 19 მძევალი იყო. კვარაცხელია ასევე ყვებოდა, რომ თავდამსხმელი იყო "კბილებამდე შეიარაღებული" - მას ავტომატი, პისტოლეტი და ყუმბარა ჰქონდა, რომელსაც დამცველი მოხსნა და მუდმივად ხელში ეჭირა.  

ყაჩაღი მოითხოვდა, რომ სამართალდამცავებს მისთვის 500 000 დოლარი გადაეცათ, ასევე, უზრუნველყოფილი ყოფილიყო მისი გადაადგილება ვერტმფრენით ან მანქანით, მძევლებთან ერთად. 

დაახლოებით, 22:00 საათზე, თავდამსხმელმა საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორია დატოვა სამ მძევალთან ერთად - მათ შორის ერთ-ერთი იყო შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა. სხვა მძევლები გათავისუფლდნენ.  

ბოლო ინფორმაციით, თავდამსხმელმა  მასთან ერთად მყოფი სამი მძევალი გაათავისუფლა, თვითონ კი გაიქცა.

რა ვიცით სპეცოპერაციაზე - წაიკითხეთ აქ.

კომენტარები