დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე არ პასუხობს კითხვას, რომელ რეგიონში გარდაიცვალა კორონავირუსით 30 წლამდე მამაკაცი ან რა გახდა ვირუსის დამძიმების მიზეზი, რამაც სიკვდილი გამოიწვია.
გამყრელიძის თქმით, საკითხი ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლეს ეხება, ამიტომ არ აქვს უფლება დეტალებზე საუბრის და "არც არის საჭირო ღია ეთერში ამაზე საუბარი".
"რა თქმა უნდა, მე ბევრი ინფორმაცია მაქვს, საკითხი ეხება ადამიანის გარდაცვალებას, თანაც ახალგაზრდა ადამიანის, ამიტომ, სანამ ეს ყველა ინფორმაცია არ იქნება, მანამდე მე არ მაქვს უფლება. არც არის საჭირო ღია ეთერში ამაზე საუბარი". – ამბობს გამყრელიძე.
გარდაცვლილ პაციენტთან დაკავშირებით კომენტარი არც ჯანდაცვის მინისტრს არ გაუკეთებია. ტიკარაძის თქმით, ინფიცირებულების სქესზე, ასაკზე და ვინაობაზე ლაპარაკი პრინციპულად მიუღებელია. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე გარდაცვლილი ინფიცირებული პაციენტების სქესს, ასაკსა და თანმხლებ დაავადებებს არცერთი ეპიდემიოლოგი არ მალავდა. მინისტრს არ განუმარტავს, როდიდან გახდა ეს საკითხი "პრინციპულად მიუღებელი".
კორონავირუსით, დღეს, 21 ოქტომბერს საქართველოში კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლინდა ინფიცირების 1 351 ახალი შემთხვევა, 337 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ქვეყანაში სულ COVID-19-ით ინფიცირების 21 208 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 9 003 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 172 – გარდაიცვალა.
ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, იმერეთსა და უკვე მცხეთაშიც, რესტორნები და გასართობი დაწესებულებები 22:00-მდე მუშაობენ.





