დეა კულუმბეგაშვილი

რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი კანის კინოფესტივალის ჟიურის წევრი იქნება

ქართველი რეჟისორი, დეა კულუმბეგაშვილი, კანის კინოფესტივალის ჟიურის წევრად აირჩიეს.

ჟიურიში სულ 6 ადამიანი იქნება და მათ 11 მოკლემეტრაჟიანი ფილმიდან საუკეთესოს არჩევა ევალებათ. ასევე, მათ კომპეტენციაში იქნება სტუდენტების მიერ გადაღებული 17 ფილმიდან სამი საუკეთესოს ამორჩევა.

2020 წელს ქართველი რეჟისორისთვის ეს პირველი წარმატება არ არის.

მანამდე, კულუმბეგაშვილმა ტორონტოს კინოფესტივალზე კინოკრიტიკოსთა ასოციაციის ჯილდო მიიღო. წარმატება ხვდა მის მხატვრულ სურათსაც - დასაწყისმა სან-სებასტიანის კინოფესტივალზე ოთხ ნომინაციაში გაიმარჯვა და საუკეთესო ფილმის წოდებაც დაიმსახურა. ასევე, სწორედ დასაწყისი იქნება წარდგენილი ოსკარზე საქართველოდან.

წელს კანის კინოფესტივალი ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო შეზღუდულად - 27 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრამდე ტარდება.

კომენტარები