არჩევნები 2020

არჩევნებზე სტაციონარსა და იზოლაციაში მყოფებთან სპეციალური ჯგუფები საარჩევნო ყუთს მიიტანენ

ReformAustin.org

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები, სპეციალურად შექმნილი ჯგუფების საშუალებით, არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ.

კერძოდ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებული ყველა წესის დაცვით სპეციალური ჯგუფის წარმომადგენელები სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და კარანტინში მყოფ ამომრჩევლებთან საარჩევნო ყუთს მიიტანენ. ასევე, თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს ექნებათ შესაძლებლობა, საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურების მოთხოვნით.

ცესკო-ს სპიკერის, ანა მიქელაძის თქმით, ცესკო მუნიციპალიტეტებში, საოლქო საარჩევნო კომისიების მოქმედების საზღვრებში, მინიმუმ ერთ საარჩევნო უბანს შექმნის, რომელიც სპეციალური ჯგუფებით დაკომპლექტდება.

"სპეციალური ჯგუფის თითოეული წევრი, მათ შორის საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილე აღჭურვილი იქნება შესაბამისი ეკიპირებით, კერძოდ, ერთჯერადი ხალათით, ნიღბით, ხელთათმანით, დამცავი ფარითა და სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებებით. სრულად იქნება დაცული ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები, რაც ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების პრევენციას.

სპეციალურ უბნებსა და მის წევრებს არ ექნებათ შეხება ჩვეულებრივ საარჩევნო უბნებთან და შესაბამის პროცესთან, რაც უზრუნველყოფს მეტ უსაფრთხოებას, პროცესის დაცულობას და ამასთან, ჩართული მხარეებისთვის მონაწილეობის შესაძლებლობას. ხმების დათვლა განხორციელდება, არა საკარანტინო სივრცეებსა თუ სამედიცინო დაწესებულებებში, არამედ, ცალკე, სპეციალურად შექმნილ საარჩევნო უბნებში, რაც ხელს შეუწყობს პროცესის მეტ გამჭვირვალობას.

რა თქმა უნდა, კანონმდებლობის თანახმად, შესაბამისი წესების დაცვით დამკვირვებლებს, მედიას და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა, გაყვნენ გადასატან საარჩევნო ყუთს, დააკვირდნენ კენჭისყრის დღის მიმდინარეობას და ხმების დათვლის პროცესს". – თქვა ანა მიქელაძემ ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე.

საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

კომენტარები