არჩევნები 2020

ჯაფარიძე მთავრობას: დაანებეთ შტაბებს თავი, ფიზიკურად დავდგებით და ყველას დავიცავთ

გირჩი

გირჩის ერთ-ერთი ლიდერი და დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძე, 16 ოქტომბერს, თბილისში Sakhelosno BAR-ში შრომის ინსპექციის შესვლას გამოეხმაურა. ბარში პარტიის საარჩევნო შტაბია განთავსებული.

ჯაფარიძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი რამ კვლავ განმეორდება, ისინი ფიზიკურად დაიცავენ თავიანთ შტაბებს.

"თბილისში, ბათუმსა და რუსთავში ფუნქციონირებს "გირჩის" რამდენიმე შტაბი, რომელთა ნაწილიც განთავსებულია ბარებში, რომლებსაც ურთიერთთანამშრომლობისთვის ვიყენებთ. შეხვედრებს ვაწარმოებთ უკვე რამდენიმე კვირაა და აქამდე არანაირი პრობლემა არ გვქონია. გუშინ ღამით შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი ორკესტრირებულად ყველა ჩვენს შტაბში შევარდა და სამი ბარის მეპატრონეს ზეპირსიტყვიერად უთხრეს, რომ მათ დააჯარიმებდნენ. 

ჩვენ ამას ვაფასებთ, როგორც წინასაარჩევნო კამპანიაში ცალსახად ხელის შეშლას. შრომის ინსპექტირების სააგენტო ივანიშვილის მიერ გამოყენებულ იქნა, როგორც დევნის ინსტრუმენტი". - თქვა მან.

მისი თქმით, გირჩი კამპანიის ერთ-ერთ ფორმად ბარებს იყენებს - ისინი ამომრჩეველთან ერთად სვამენ და სხვადასხვა თემაზე საუბრობენ. ჯაფარიძე ამბობს, რომ შრომის ინსპექციის სამსახურის თანახმად, პრობლემა ადამიანების შეკრებასა და დალევაში არ არის, არამედ იმაში, რომ ადამიანები მათ შტაბში მიდიან და სასმელს ყიდულობენ.

"მინდა, ხელისუფლება გავაფრთხილო, რომ ყველა ჩვენს შტაბს თავი დაანებონ, არცერთ შტაბში აღარ შევუშვებთ, ფიზიკურად დავდგებით და ყველა შტაბს დავიცავთ, რომ ვერც ერთი სტრუქტურის წარმომადგენლები იქ ვერ შევიდნენ.  დღეს საღამოს დაგეგმილი გვაქვს ღონისძიება რიყეზე, სადაც ჩვენი მხარდამჭერები იქნებიან, რომლებთან ერთადაც ალკოჰოლის მიღებას და მის შეძენას, ბოცებით მიტანის ნაცვლად, ამიტომ თავი დაგვანებეთ, ჩვენ ასეთ კამპანიას ვატარებთ, რადგან ბანერების და ძვირად ღირებული რეკლამების რესუსრსი არ გაგვაჩნია". - თქვა მან.

16 ოქტომბრიდან ამოქმედებული რეგულაციის მიხედვით, თბილისსა და იმერეთში 22:00 საათიდან იზღუდება რესტორნებისა და გასართობი დაწესებულებების მუშაობა.

კომენტარები