მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია ტვ პირველის გადაცემაში - "საჯარო პოლიტიკა" ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკური ლიდერები შეაფასა და აღნიშნა, რომ პოლიტიკაში ბევრი "ძალიან მაგარი" და "ახალგაზრდა ლიდერი" გამოჩნდა.
"ძალიან ბევრი ლიდერია ადგილზე, იგივე ნიკა მელია, გრიგოლ ვაშაძე. უამრავი ახალგაზრდა ლიდერი გამოჩნდა, ხატია დეკანოიძე, უამრავი სხვა – სხვადასხვა პარტიებში. მაგალითად, ლაკა ხოშტარია როგორც იბრძვის ვაკეში, მე მომწონს. მე მომწონს ის, რომ მელია როცა წარადგინეს, გვერდით დაუდგა რამდენიმე სხვა პარტიის წევრი". – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
ვაკის ოლქში ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ელენე ხოშტარიას საარჩევნო კამპანიის შეფასებას დღეს წინ უძღოდა ხოშტარიას გაკეთებული განცხადება. ელენე ხოშტარიამ Facebook-ზე ერთერთი მოქალაქის პასუხად დაწერა, რომ არ იზიარებს პარტიის იმ წინასაარჩევნო ხაზს, რომელშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ნეგატიურადაა წარმოჩენილი, რაშიც მათ შორის, მოიაზრებს საარჩევნო რგოლებს.
"უმრავლესობა პარტიაში ასე ფიქრობს, არაა მხოლოდ ბოკერია. არ მგონია, რომ ეს ჩემი საარჩევნო მთავარი აქცენტი უნდა იყოს, უბრალოდ აზრს მკაფიოდ ვაფიქსირებ, რასაც არ ვეთანხმები ეხლაც და მერეც და მანამდეც...
Facebook-ზეც ვუპასუხე, ტელევიზიებშიც ვისაუბრე დღეს, რომ ნამდვილად არ ვიზიარებ პარტიის ამ ხაზს. განსხვავებები ნამდვილად არის მე და თქვენ აზრებს შორის, მაგრამ არც კლიპის და არც ამ ფოტოს შინაარსი და ფორმა არ მომწონს, საზიანო მგონია". – წერს ელენე ხოშტარია კომენტარებში.





