ბელარუსი

მინსკში საპროტესტო "სიამაყის მარშზე" პოლიციამ 50-მდე ადამიანი დააკავა

მინსკში გამართულ საპროტესტო "სიამაყის მარშე" პოლიციამ დემონსტრანტების დაკავება დაიწყო. ამ დროისათვის მინსკის ცენტრში დაახლოებით 50 ადამიანი დააპატიმრეს. 

МБХ медиа-ს ინფორმაციით მინსკის ცენტრში, სტელასთან დაპირისპირება დაიწყო დემონსტრანტებს, პოლიციასა და "ნიღბიან ადამიანებს" შორის. Interfax-ის ცნობით, პოლიციამ დაიწყო აქციის მონაწილეების ძალადობრივი დაკავება, რის შემდეგაც დემონსტრანტებმა წინააღმდეგობის გაწევა დაიწყეს.

სხვადასხვა მედიის ინფორმაციით პოლიცია აქციების დასაშლელად წყლის ჭავლს იყენებს.

"სიამაყის მარშის" დაწყებამდე პოლიციამ ბელარუსული და რუსული მედიის სულ ცოტა 17 ჟურნალისტი დააპატიმრა. ინფორმაცია ამის შესახებ ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაციამ გაავრცელა.

დაკავებულ ჟურნალისტებს შორის არიან რუსული მედიის TASS-ის სამი ჟურნალისტი, Tut.by-ის ჟურნალისტი და БелаПАН-ის ჟურნალისტები. TASS-ის ინფორმაციით ამ გამოცემების თანამშრომლები უკვე გაათავისუფლეს.

აქციები სახელწოდებით "სიამაყის მარში" ბელარუსის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში ადგილობრივი დროით 14:00 საათზე დაწყო.

საპროტესტო აქციები ბელარუსში სამი თვეა, გრძელდება. დემონსტრაციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. არჩევნების შედეგების თანახმად ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტი მეექვსე ვადით გახდა. მან ხმების 80%-ზე მეტი მოაგროვა. ბელარუსის ცეესკოს მონაცემების თანახმად სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ხმების 10% დააგროვა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციების დაწყების შემდეგ ქვეყანაში 12 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

კომენტარები